საქართველოს და იტალიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა რომში

იტალიის თავდაცვის მინისტრი რობერტა პინოტი 12 მარტს რომში თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსთვის ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხიც განიხილა, იტყობინებიან ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები. 

იტალიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, განათლების სფეროზე ფოკუსირებით.

იტალიის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და კერძოდ, მისთვის ნატოს სექტემბრის სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების  საკითხი. იტალიის თავდაცვის მინისტრმა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა: „საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს და  დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხს“.

„შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქართული კონტინგენტის მონაწილეობა ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში (ISAF) და 2014 წლის შემდეგ  "გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიაში საქართველოს ჩართვა. მხარეებმა 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს მონაწილეობაზეც იმსჯელეს“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ, ასევე შევეხეთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის შემდეგ, „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს შორის ორმხრივი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება“.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)