სასამართლომ დათა ახალაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
დათა ახალაიას, შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს 14 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 9 თვის თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა საქმეზე, რომელიც ცხრა წლის წინ პოლიციელების ცემას ეხება.
გამოძიების ინფორმაციით, 2005 წლის იანვარში პოლიციის თანამშრომლები იმის გამო სცემეს, რომ არსებობდა ეჭვი, თითქოს რამდენიმე დღით ადრე თბილისის ერთ–ერთ რესტორანში მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას „შეურაცხყოფაში“ მონაწილეობდნენ.
ახალაია, რომელიც ძებნაში იმყოფება, ამ საქმეზე სასამართლომ გაამართლა ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხებოდა, თუმცა დამნაშავედ ცნო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს ვადა 3 წლამდე და 9 თვემდე ამნისტიის აქტის საფუძველზე შეუმცირა.
ახალაიას მსგავსად, ამავე საქმეზე 3 წლითა 9 თვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ მის ყოფილ მოადგილეს სოსო თოფურიძეს და კუდის ყოფილ თანამშრომელს გერონტი ალანიას (ეს უკანასკნელი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს და 2009 წელს შეიწყალეს) – ორივე მიმალვაში იმყოფება; ასევე კუდის ყოფილ თანამშრომელს ოლეგ მელნიკოვს, რომელიც სექტემბერში უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
იმავდროულად, 13 მარტს პროკურატურამ დათა ახალაია, რომელიც ასევე ბრალდებულია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულად ცნო კიდევ ერთ საქმეში, რომელიც 2006 წლის იანვარში თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება. ამ საქმეზე პროკურატურამ იანვარში ბრალდებები წაუყენა ასევე დათა ახალაიას ძმას, ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, რომელიც რვა წლის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გამოძიების ინფორმაციით, დათა ახალაიამ პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით დაგეგმა სპეცოპერაცია, რომელიც სამი ახალგაზრდის ლიკვიდაციით დასრულდა. გამოძიების მტკიცებით, ერთ-ერთი მსხვერპლის მიმართ საკონტროლო გასროლა დათა ახალაიამ განახორციელა. ამ საქმეზე პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით დააკავა.