პროკურატურა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის თანხმობას თხოვს
მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს მიმართა თხოვნით, რათა თანხმობა მიიღოს დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.
საგამოძიებო უწყებამ 14 მარტს განაცხადა, რომ მას დეპუტატ ახალაიას ბრალდებულად ცნობა სურს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში მის მიერ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.
კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, როლანდ ახალაიამ 2009 წლის დეკემბერში საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ორი ბრალდებულის ოჯახს „უკანონოდ მოსთხოვა“ ერთ შემთხვევაში 150 000 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარის მისი ახლობელი ბიზნესმენის კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. პროკურატურის ინფორმაციით, ეს თანხები ჩაირიცხა და „სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის“. როლანდ ახალაიამ მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს "პროვოკაცია" უწოდა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, მას ბრალდების წარდგენის უფლება მანამდე არ აქვს, ვიდრე პარლამენტი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას არ დათანხმდება. ამ წესს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არეგულირებს, თუმცა არ არის ასახული პარლამენტის რეგლამენტში.
რეგლამენტი არ ითვალისწინებს თანხმობის მიცემის საჭიროებას და შესაბამის პროცედურებს საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე – ამ შემთხვევისთვის რეგლამენტი მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რომ „პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს“.
რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის წევრის დაკავებას ან დაპატიმრებას, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირად გაჩხრეკას სჭირდება პარლამენტის თანხმობა გაწერილი პროცედურების დაცვით. თანხმობის შემთხვევაში, პარლამენტი დეპუტატს უფლებამოსილებას შეუჩერებს.
როლანდ ახალაია პროკურატურამ მოწმის სახით დასაკითხად 2012 წლის დეკემბერში დაიბარა, თუმცა მაშინ მან საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას თავი აარიდა.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია პატიმრობაში მყოფი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ძებნილი დათა ახალაიას მამაა, რომლებსაც უკვე მისჯილი აქვთ პატიმრობა და ასევე ბრალდებულნი არიან რიგ საქმეებში. როლანდ ახალაიას თქმით, მისი ოჯახი დევნას განიცდის, რათა პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მათი ჩვენებები მოიპოვოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)