უსუფაშვილის თქმით, როლანდ ახალაიას შესახებ პროკურატურის თხოვნა შესწავლის საგანია
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით დეპუტატების თანხმობის მისაღებად მთავარი პროკურატურის მიმართვაზე პარლამენტის შესაძლო რეაგირების თაობაზე საზოგადოებას 17 მარტს ეცნობება.
14 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში დავით უსუფაშვილი იმ სამართლებრივ შეუსაბამობებზე მიუთითებს, რომელიც ერთის მხრივ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და მეორე მხრივ, კონსტიტუციას, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტს შორის არსებობს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პროკურატურას პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და ბრალდების წაყენების უფლება არ აქვს, ვიდრე ამაზე პარლამენტის თანხმობას არ მიიღებს.
პარლამენტის რეგლამენტი კი 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების შედეგად არ ითვალისწინებს თანხმობის მიცემის საჭიროებას და შესაბამის პროცედურებს საქართველოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე – ამ შემთხვევისთვის რეგლამენტი მხოლოდ იმას განსაზღვრავს, რომ „პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს“.
რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის წევრის დაკავებას ან დაპატიმრებას, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირად გაჩხრეკას სჭირდება პარლამენტის თანხმობა გაწერილი პროცედურების დაცვით. თანხმობის შემთხვევაში, პარლამენტი დეპუტატს უფლებამოსილებას შეუჩერებს.
„პარლამენტის წევრთა და იურისტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო საკითხის კომპლექსური შესწავლა, მათ შორის იმის გარკვევა, თუ რატომ მოხდა 2010 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში იმ ინსტიტუტის აღდგენა, რომელიც 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გაუქმდა“, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.
„საკითხის წინასწარი შესწავლის შედეგებისა და საქართველოს მთავარი პროკურორის მომართვაზე საქართველოს პარლამენტის შესაძლო რეაგირების თაობაზე საზოგადოებას ვაცნობებთ ორშაბათს, 17 მარტს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა უკვე გააპროტესტეს პროკურატურის მოთხოვნა მათი კოლეგის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად თანხმობის მიღების თაობაზე.
„ეს მიჯნა, რომელიც დღეს გადალახეს და უკვე საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ იწყება მოქმედება, ეს არის ძალიან სახიფათო მოქმედება მათი მხრიდან. ფაქტიურად ეს არის პანდორას ყუთი, რომელიც ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ხელისუფლებას იმიტომ, რომ საქმეა უკვე არჩეულ დეპუტატებზე და უკვე მათ წინააღმდეგ იწყება პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა 14 მარტს გოკა გაბაშვილმა, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან.
დეპუტატი ახალაია მისი სამეგრელოს სამხარეო პროკურორად მუშაობის პერიოდთან დაკავშირებულ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებებს, რომლის წინაშეც ის შეიძლება აღმოჩნდეს, უარყოფს და პოლიტიკური დევნის ნაწილს უწოდებს.