რუმინეთის პრემიერ–მინისტრი თბილისს სტუმრობს

რუმინეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ პონტა 14 მარტს საქართველოში ჩამოვიდა მოლდოვაში ვიზიტის შემდეგ და განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ბევრად მეტი“ უნდა გააკეთოს თბილისისა და კიშინიოვისთვის.

თავის ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ.

მან განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს და მოლდოვას „საუკეთესო“ დამცველი იქნება ევროკავშირში და დასძინა, რომ რუმინეთი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. მან სინანულით აღნიშნა, რომ ბოლო 12 წლის მანძილზე არ გამართულა ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომა.

რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა, რომელიც ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გააძლიერონ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს „ერთგული მეგობარია“ და  მადლობა გადაუხადა თავის რუმინელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო.

საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას „ალტერნატივა არ აქვს“ და ეს „შეუქცევადი პროცესია“, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა.  

რუმინეთის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ერთადერთი სფერო, სადაც ორი ქვეყანა შეიძლება ოპონენტები იყვნენ, არის რაგბი. საქართველოს და რუმინეთის პრემიერ–მინისტრები ხვალ თბილისში ორი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს შორის თამაშს დაესწრებიან. ორივე ქვეყანა უკვე გასულია 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, თუმცა 15 მარტის მატჩი გადაწყვეტს, თუ რომელი მათგანი დაიკავებს პირველ ადგილს ევროპის ერთა თასის პირველ დივიზიონში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)