მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 15 მარტს ავღანეთში ვიზიტის დროს, რომლის შესახებაც წინასწარ არ ყოფილა გაცხადებული, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა.
იგი ამერიკული სამხედრო ბაზის „ლეზერნიკის“ ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებს შეხვდა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მაშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული; თქვენ ხართ ხალხი, თქვენ ხართ ადამიანები, ვის გამოც ჩვენ ვართ ამაყი ყველა შეხვედრის დროს, რომლებსაც ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან… თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც სამშობლოში ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ. მე, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი და თქვენთან ერთად მყოფი, ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ“, – მიმართა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამხედროებს ბაზა „ლეზერნიკზე“.
პრეზიდეტმა ასევე აღნიშნა ის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ ISAF-ის მისიაში მონაწილეობის დროს გაიღო. საქართველომ ავღანეთში 29 ჯარისკაცი დაკარგა.
"გმირობას, რომელსაც თქვენ ყოველდღე იჩენთ, სამწუხაროდ, მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია და უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველა ჩვენგანს ისევე სტკივა, როგორც თქვენ", – მიმართა მან ქართველ ჯარისკაცებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)