სოხუმი და ცხინვალი ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს აღიარებენ
აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ სოხუმი „პატივს სცემს ყირიმელების ნებას“, მხარს უჭერს და აღიარებს მათ მნიშვნელოვან არჩევანს.
რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს 16 მარტს ანქვაბმა განუცხადა, რომ რეფერენდუმი „ნახევარკუნძულის მრავალნაციონალური მოსახლეობის ნებას ასახავს“.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება არა მხოლოდ „ისტორიულ წარსულს, არამედ თანამედროვე პოლიტიკურ რეალობებსაც“.
„ეს არის კლასიკური მაგალითი ხალხის ნების უზენაესობისა“, – განაცხადა ანქვაბმა.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთი პატივს სცემს ყირიმის მოსახლეობის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ბედი“.
„არ შეიძლება არ აღინიშნოს კიევის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც თავი შეიკავა მცდელობისგან, რომ ძალისმიერი გზით შეწინაღმდეგებოდა ყირიმის მოსახლეობას მისი ნების გამოხატვაში,“ – განაცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)