თბილისი ყირიმის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „არ ცნობს 2014 წლის 16 მარტს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელიც შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და უკრაინის კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით“.
„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა წარმოადგენს როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას“, – ნათქვამია კვირას საღამოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს რა უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს „კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია, დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან არსებული მდგომარეობის გადაჭრის გზების მოძიების საკითხში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)