მარგველაშვილი: ყირიმის „უკანონო რეფერენდუმს“ არ შეიძლება სამართლებრივი შედეგები ჰქონდეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „უკიდურესად შეშფოთებულია“ ყირიმში რეგიონის მომავალ სტატუსთან დაკავშირებული „უკანონო რეფერენდუმის“ გამო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს.
„ასეთი ტიპის რეფერენდუმის გამართვას უკრაინის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს და მას არ შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი შედეგები“, – ნათქვამია პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ორშაბათს გავრცელდა.
„ამას გარდა, წარმოუდგენელია ვისაუბროთ თავისუფალი არჩევნისა და ხალხის ნების თავისუფალი გამოვლენის შესახებ იქ, სადაც მდგომარეობას აკონტროლებენ უცხო ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები“.
„საქართველომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს მსგავსი ქმედება. რუსეთის ფედერაცია სწორედ ასეთი "რეფერენდუმებითა" და "არჩევნებით" ახორციელებს საოკუპაციო მმართველობას საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოს ხელისუფლება არ ცნობს ე.წ. ყირიმის რეფერენდუმს, ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ აღიარებს ამ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)