უსუფაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად დაბრკოლებას მოხსნის

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტს არ გააჩნია უფლებამოსილება დეპუტატ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე  თანხმობა მისცეს; თუმცა პროკურატურას ამ პროცედურის დაწყება თავად შეეძლება მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონმდებლობაში არსებულ სამართლებრივ კოლიზიას დაჩქარებული წესით გამოასწორებს.  

მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის როლანდ ახალაიას მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებების წაყენებისთვის ნებართვის მისაღებად 14 მარტს მიმართა. დავით უსუფაშვილმა კი განაცხადა, რომ პასუხს 17 მარტს აცნობებდა.

დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, ერთის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პარლამენტის თანხმობას ითხოვს, მეორეს მხრივ კი კონსტიტუცია, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონი და პარლამენტის რეგლამენტი ასეთი ნებართვის საჭიროებას არ განსაზღვრავს.

„ამგვარი სამართლებრივი კოლიზიის შედეგად, პარლამენტის წევრს პრაქტიკულად აბსოლუტური იმუნიტეტი ენიჭება – შეუძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებათა უტყუარობისა“, – ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში, რომელიც 17 მარტს გავრცელდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ „აბსურდული ვითარების“ მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის პავლე კუბლაშვილისა და მისი მაშინდელი თანაგუნდელის, ამჟამად კი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას მიერ ინიცირებული ცვლილების მიღება, რამაც „კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე“.

„ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული საკითხი არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა კანონპროექტში არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს და პროექტს ჩაემატა მეორე მოსმენის დროს, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაცაა“, – აღნიშნავს უსუფაშვილი.

„შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტე, მივმართო პარლამენტის ბიუროს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება; მათ შორის, როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხში“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტის რეგლამენტში არსებული ნორმით, პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. ამასთან, პარლამენტის თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, როცა საქმე ეხება პარლამენტის წევრის დაკავებას ან დაპატიმრებას, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირად გაჩხრეკას.

დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებული ეს წესი, უსუფაშვილის თქმით, „განუხრელად იქნება დაცული საქართველოს პარლამენტის მიერ“.