უსუფაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის „მიტაცების“ შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა 21-ე საუკუნისთვის სრულიად წარმოუდგენელი აგრესია განახორციელა, როცა უკრაინის ტერიტორია – ყირიმი  „მიიტაცა“.

„უკრაინაში მოვლენები სამწუხაროდ განვითარდა ისე, როგორც არ გვინდოდა არც ჩვენ, არც უკრაინელ ხალხს და არც დემოკრატიულ მსოფლიოს და რუსეთმა განახორციელა სრულიად წარმოუდგენელი 21-ე საუკუნისთვის აგრესია და პრაქტიკულად მიიტაცა ტერიტორია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე 19 მარტს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ დარჩება და ამ რწმენით ვაგრძელებთ ჩვენც შრომას საკუთარი ქვეყნის გასამთლიანებლად და როგორც ჩანს, ეს პროცესები ძალიან მჭიდროდ და პარალელურ რეჟიმში წარიმართება“, – აღნიშნა მან. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 19 მარტს  განაცხადა, რომ საქართველო „შეშფოთებით ადევნებს თვალს“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, რომელშიც, მისი თქმით, „რუსეთის ქმედება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას“.  

„მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, რომ ისევ ვუცხადებთ სოლიდარობას საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას და პოზიციას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მიგვაჩნია, რომ რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა ყირიმში იყო საერთაშორისო ნორმების დარღვევა, არალეგიტიმური და ჩვენ არ ვცანით მისი შედეგები“, – განაცხადა ფანჯიკიძემ პრესკონფერენციაზე.  

„მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია დაუყოვნებლივ  მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში, დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკება უკრაინის ხელისუფლებასთან და ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – აღნიშნა მან.