მარგველაშვილი: უკრაინაში რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის გლობალურ წესრიგს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში საფრთხეს უქმნის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ გლობალურ წესრიგს და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება დასავლელი მოკავშირეების გვერდით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პრობლემები წყდება არა აგრესიით, არამედ დიპლომატიური გზებით.
19 მარტს პრესკონფერენციაზე საუბრისას მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საფრთხეებს, რომელსაც რუსეთის ქმედებები ორი მიმართულებით ქმნის არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
„პირველი ეს არის ის, რომ ბირთვულ განიარაღებას, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დადებითი ტენდენცია, რისი შედეგიც იყო 1994 წლის შეთანხმება, რომლითაც უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო, ამ ტენდენციას სერიოზული დისკრედიტაცია შეიძლება შეექმნას“, – განაცხადა მან, „მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის მერე მე ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას, როდესაც ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს“.
მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამ „გლობალური პრობლემიდან“ გამომდინარე, მარგველაშვილმა მოუწოდა „საერთაშორისო თანამეგობრობას უაღრესად მშვიდად, მაგრამ ამავე დროს პრინციპულად შეაფასოს არსებული ვითარება“.
„ბუნებრივია ჩვენ ვრჩებით იმ ცივილიზებული ქვეყნების გვერდით, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის საკითხები წყდება არა ტერიტორიების დაკავების, არა სამხედრო ძალის, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ ახალი გეოპოლიტიკური ვითარების გამომდინარე საქართველომ თავის საგარეო პოლიტიკაში კორექტივები უნდა შეიტანოს რუსეთთან მიმართებაში, მარგველაშვილმა უპასუხა: „ჩვენი დამოკიდებულება არის უცვლელი“.
„ჩვენ ვცდილობთ რომ ჩამოვაყალიბოთ და დავიწყოთ ლაპარაკი არა აგრესიის, არამედ დიპლომატიის ენაზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ დავამყაროთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად რაციონალური და მშვიდი დიალოგი. ეს არის სტრატეგიული გზა დასავლეთის – ევროკავშირის და შეერთებული შტატების; ბუნებრივია, ჩვენ ამ გაერთიანების, ამ კოალიციის ნაწილი ვართ“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა აყალიბებს თავის პოზიციას ამ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, საქართველო იყო და რჩება იმ ქვეყნების გვერდით, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ასეთ აგრესიას, მაგრამ ამასთან ერთად, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში სწორედ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ყველა პრობლემა, როგორც მეზობელ ქვეყნებს შორის, ასევე საერთოდ, საერთაშორისო კონტექსტში, უნდა გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების და დიპლომატიური გზების მეშვეობით“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველომ „თავის თავზე იწვნია ძალიან სუსხიანი ხელი რუსეთის საგარეო პოლიტიკის“ და 2008 წლის ომის შემდეგ ამ პრობლემას მეტი ყურადღება რომ დათმობოდა, „შესაძლოა არ მიჩნეულიყო ასეთი ტიპის საგარეო პოლიტიკა, რაც რუსეთმა გაატარა უკრაინასთან მიმართებაში, წარმატებულად“.
„2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ ყველანი უნდა ვყოფილიყავით უფრო ორიენტირებული იმაზე, რომ მეზობელი ქვეყნის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა ყოფილიყო აღქმული, როგორც აბსოლუტურად დაუშვებელი პრეცედენტი. ალბათ მეტი უნდა ყოფილიყო გაკეთებული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მათ შორის ჩვენს მიერაც, რომ ასეთი რამე 6 წლის შემდეგ არ განმეორებულიყო“, – აღნიშნა მან.
ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გასცდეს რიტორიკას და უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს რუსეთთან მიმართებაში, სრულიად გაიზიაროს და მხარი დაუჭიროს აშშ–ის და ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ასევე მოითხოვოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა 18 მარტს, რომ ეს სავსებით შესაძლებელია ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში და დამოკიდებულია მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ძალღონე არ უნდა დაიშუროს იმისათვის, რომ ქართული ტერიტორიების დეოკუპაცია ყირიმის დეოკუპაციას მიებას რუსეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკაში.
ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომ მას კვლავ მჭიდრო კონტაქტები აქვს ქართული ოცნების ლიდერებთან და სხვა საკითხებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც განიხილავს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კიევის მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა განაგრძოს.
მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი უკან არ დაიხევს ყირიმთან მიმართებაში და დასავლეთის ძალისხმევა ახლა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ შეაჩეროს რუსეთი, რათა ის ყირიმს არ გასცდეს, კერძოდ კი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებისკენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია დასავლეთის ახლანდელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალიან „რბილია“, მაგრამ სანქციები კიდევ იქნება შემოღებული და საბოლოო ჯამში, „მძიმე“ შედეგი დადგება მოსკოვისთვის; ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს მეტ საშუალებას მისცემს თბილისს, რომ თავისი შემრიგებლური მცდელობები განახორციელოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.
„რუსეთს არ გააჩნია არავითარი რესურსი… რომ რაიმე დამატებითი აგრესია განხორციელდეს საქართველოს მიმართ; პირიქით მგონია… როგორი რესურსიც არ უნდა გამოიყენოს ევროპამ და ამერიკამ, ეს მაინც იქნება ან ძალიან მძიმე, ან მძიმე რუსეთის სახელმწიფოსთვის. მას ძალიან დაუმძიმდება საერთაშორისო სიტუაცია, როგორი რბილიც არ უნდა იყოს ევროპისა და ამერიკის მიერ გამოყენებული რესურსები… რუსეთი დაკარგავს იმუნიტეტს საერთაშორისო მასშტაბით; შესაბამისად, ეს ჩვენ გაგვიიოლებს აფხაზეთზე და ოსეთზე ზრუნვას, მაგრამ გასაღები მაინც იქნება იმაში, რომ ჩვენ უნდა შემოვირიგოთ ჩვენი ძმები ოსები და აფხაზები“, – განაცხადა ივანიშვილმა.