ბურჯანაძის პარტია და ქრისტიან-დემოკრატები ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიანდებიან

ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა მიმდინარე კონსულტაციების შედეგად მათ შესაძლოა სხვა არასაპარლამენტო პარტიებიც შეუერთდნენ.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან მისი ლიდერისა და დამფუძნებლის გიორგი თარგამაძის წასვლა. თარგამაძემ, რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 1.06% დააგროვა, ხოლო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მისი პარტია პარლამენტს მიღმა აღმოჩნდა 2.04%-იანი შედეგით, 15 მარტს განაცხადა, რომ ტოვებდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს და პოლიტიკურ საქმიანობას.

ბურჯანაძის პარტიამ და ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ აგრძელებენ კონსულტაციებს სხვა არასაპარლამენტო პარტიებთან, მათ შორის კახა კუკავას თავისუფალ საქართველოსთან, ახალ მემარჯვენეებთან, ჯონდი ბაღათურიას ქართულ დასთან ადგილობრივი არჩევნებისთვის უფრო ფართო კოალიციის შექმნის მიზნით, რომელიც, როგორც ჩანს, ნინო ბურჯანაძის პარტიის ირგვლივ გაერთიანდება. ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ადგილი მოიპოვა ხმათა 10.19%-ით.

„უახლოეს ერთ კვირაში უნდა დასრულდეს ეს [კონსულტაციების] პროცესი. მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება საბოლოოდ რა კონფიგურაციას მიიღებს ეს გაერთიანება“, – განაცხადა 19 მარტს გია კობახიძემ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოდან“.

ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ ის ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. 

განსხვავებით სხვა პარტიებისგან, მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე დაიწყეს საარჩევნო აქტიურობა, მათ შორის რამდენიმე კანდიდატის დასახელების გზით.