ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა დააკავეს

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა, რომელმაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ზურაბ ჟვანიას ცხედარს მას შემდეგ, რაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი 2005 წლის 3 თებერვალს გარდაცვლილი იპოვეს, დაკავებულია, განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ.

პროკურატურის მიერ შუაღამისას გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინა, რომ ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გვამის გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

დაკავებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ექსპერტიზის დროს გადაღებული ფოტოების ინტერნეტით გავრცელება 19 მარტს. ფოტოებზე სავარაუდოდ ნაჩვენებია სხეულის დაზიანებები, რომლებიც, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვალებამდე იქნა მიყენებული. ფოტოები უკვე წლებია საგამოძიებო საქმის მასალებს ჰქონდა დართული და პროკურორებისთვის მათ გავრცელებამდეც იყო ხელმისაწვდომი.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალში გარდაიცვალა. გამოძიების ოფიციალური ვერსიის თანახმად, პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. შემთხვევა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. ამ საქმის გამოძიება 2012 წლის ბოლოს განახლდა მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, „კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები“.

„ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ.უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით“, – განაცხადა პროკურატურამ.

20 მარტს გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ საჭირო იყო ჟვანიას და უსუპოვის გვამების ექსჰუმაცია და ახალი ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან „საქმის ანალიზით დგინდება, რომ   ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია“. განცხადების თანახმად, პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდეს ეს პროცესი.

შესაძლო ექსჰუმაციის საკითხი არ არის ახალი თემა. ამგვარი შესაძლებლობა პროკურატურამ რამდენჯერმე დააყენა შარშან და პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ამის თაობაზე 2014 წლის იანვარში ისაუბრა, როდესაც განაცხადა, რომ ხელისუფლებას ერთ–ერთი „შვეიცარიული ლაბორატორიის“ მოწვევა სურდა ექსპერტიზაში მონაწილეობისთვის.