პროკურატურამ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი დააკავა
მთავარმა პროკურატურამ 21 მარტს განაცხადა, რომ გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, რასაც „ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოყვა“.
პროკურატურის განცხადებით, ძაძამიამ, რომელსაც სამსახურეობრივი წესდება ავალდებულებდა არ მიეტოვებინა დასაცავი ობიექტი, 2005 წლის 3 თებერვალს ღამის საათებში „არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა“ და დაცვის გარეშე დატოვა ზურაბ ჟვანია, რა პერიოდშიც ის აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილი.
„ამავდროულად, მიხეილ ძაძამიამ დადგენილი სავალდებულო მოთხოვნის მიუხედავად არ შეატყობინა დაცვის ღონისძიებების დაგეგმვის და ოპერატიული მართვის სამმართველოს შესაბამის განყოფილებას დასაცავი პირის გადაადგილების შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ეს ბოლო ორ დღეში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განხორციელებული უკვე მეორე დაკავებაა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერის საქმე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა ექსპერტიზის დროს გადაღებული ფოტოების ინტერნეტით გავრცელების გამო.
პროკურატურამ ამ საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა, რომელმაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა ზურაბ ჟვანიას ცხედარს, გუშინ შუაღამისას სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ დააკავა.
ამასთან, დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე სულ სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ძველი თბილისის რაიონში გამგებლის მოადგილედ მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება. მართალია, გამოძიებას მისთვის ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით არანაირი ბრალი არ წარუდგენია, თუმცა დაკავებამდე ხარშილაძე აცხადებდა, რომ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა რეალურად ყოფილი პრემიერი-მინისტრის დაცვის უფროსად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდა.
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის თებერვალში გარდაიცვალა. გამოძიების ოფიციალური ვერსიის თანახმად, პრემიერ-მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა. შემთხვევა 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოზე ერთ-ერთ ბინაში მოხდა. ჟვანიასთან ერთად იმავე ბინაში აღმოჩნდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის რაულ უსუფოვის გვამი, რომელიც, არსებული ვერსიით, ასევე გაზით მოიწამლა. ამ საქმის გამოძიება 2012 წლის ბოლოს განახლდა მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში.