თბილისი მიესალმება ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარებას

საქართველოს ხელმძღვანელობა მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არაუგვიანეს ივნისისა მოეწეროს ხელი.

აქამდე, ხელმოწერის ბოლო ვადად არაუგვიანეს აგვისტოს ბოლო სახელდებოდა.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 21 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 

მან მიულოცა უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერა და მას „ისტორიული მოვლენა“ უწოდა, რომელიც „ვიმედოვნებ, ხელს შეუწყობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას“.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს „სრული მზადყოფნა“ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ პროცესის დაჩქარება არა მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ამაში, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოს ამისთვის მზად არის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ბრიუსელში მარშალის ფონდის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს, განაცხადა, რომ ხელმოწერის გადმოწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

„შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს ივნისს, თუ ივლისს, მაგრამ ამაზე პასუხი მოგვცა ჩვენ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც არა თვეებში, არამედ საათებში და დღეებში წყდებოდა ძალიან ბევრი რამ უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

მისი თქმით, ბრიუსელში ის ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის და ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარს შტეფან ფულეს ხვდება.

„გავაგრძელებთ დიალოგს იმისთვის, რომ კიდევ დამატებითი, კონკრეტული ზომები იქნას გამოძებნილი საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.