რუსი დიპლომატი: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ‘უდიდესი შეცდომა’ იქნება
მოსკოვი საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია და ასეთი გადაწყვეტილების მიღება „უდიდესი შეცდომა“ იქნება, განაცხადა რუსეთის ელჩმა ნატოში ალექსანდრე გრუშკომ.
მან ეს განცხადება 21 მარტს მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჰკითხა, მიიღებს თუ არა რუსეთი საქართველოს არჩევანს გახდეს ნატოს წევრი. რასმუსენი ერთ–ერთი მომხსენებელი იყო ფორუმის ერთერთ სესიაზე მის ორ წინამორბედთან, იააპ დე ჰოოპ სხეფერთან და ლორდ ჯორჯ რობერტსონთან ერთად.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩმა, რომელიც სესიაზე დამსწრეთა შორის იყო, თავისი ქვეყნის პოზიცია გამოთქვა რამდენიმე განხილულ თემაზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა მას ევროპული უსაფრთხოების შესახებ 1999 წლის ეუთოს ქარტიის შესახებ ჰკითხა, რომელიც ადასტურებს ეუთოს თითოეული წევრი სახელმწიფოს უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა. „რატომ არ სცემს რუსეთის ფედერაცია პატივს ამ პრინციპს, რომელსაც ხელი თავადაც მოაწერა?“, – ჰკითხა რასმუსენმა გრუშკოს, რომელმაც უპასუხა, რომ ამ ვალდებულებასთან ერთად ასევე არსებობს „საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები – პირველ რიგში, უსაფრთხოების განუყოფლობა“, და დასძინა, რომ „ვერავინ გააუმჯობესებს საკუთარ უსაფრთხოებას სხვათა უსაფრთხოების ხარჯზე“.
„ნატო თავისუფალია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და რუსეთიც თავისუფალია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რათა დაიცვას საკუთარი ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესი და თავიდანვე ჩვენ ვეუბნებოდით ყველა ჩვენს კოლეგას და ჩვენ გულწრფელი ვიყავით ყველა ჩვენს საუბარში, რომ ნამდვილად გვჯერა, რომ თუ ნატო გაფართოებას განაგრძობს, ეს ახალ გამყოფ ხაზებს წარმოშობს, და ეს გამყოფი ხაზები რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდება; და ჩვენ ასევე ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამყოფი ხაზები ქვეყნების შიგნით გაივლება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო“, – განაცხადა გრუშკომ.
„თქვენი საქმეა მოისმენთ თუ არა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორი ვიყავით, როდესაც ამაზე ვამახვილებდით ყურადღებას და ვფიქრობ, როდესაც ჩვენ უსაფრთხოების მომავალ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ… უნდა ვიპოვოთ გზები, რათა ყველას უსაფრთხოება დავიცვათ, ნაცვლად იმისა, რომ წარსული მემკვიდრეობით მიღებულ ინსტრუმენტებს დავეყრდნოთ“, – დასძინა რუსეთის ელჩმა.
ამის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ჰკითხა რუსეთის ელჩს: „აღიარებთ თუ არა საქართველოს უფლებას აირჩიოს ნატოს წევრობა, თუ ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა და თუ ნატო თანახმაა ამაზე? აღიარებთ თქვენც ამას?“
„არა. მე აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადე. ჩვენ წინააღმდეგი ვართ. მიგვაჩნია, რომ ამის გაკეთება უდიდესი შეცდომაა“, – უპასუხა გრუშკომ და დასძინა: „ეს ჩემი ქვეყნის პოზიციაა“.
ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იააპ დე ჰოოპ სხეფერმა, რომელიც ალიანსს 2004–2009 წლებში ხელმძღვანელობდა, განაცხადა გრუშკოს კომენტარის შემდეგ, რომ როდესაც ნატომ განაცხადა, რომ საქართველო მისი წევრი გახდება, „თქვენ თქვენი ჯარები გაგზავნეთ საქართველოში 2008 წელს“.
„არა, ეს არ არის მართალი“, – უპასუხა გრუშკომ, „ჩვენ თავს დაგვესხნენ; წაიკითხეთ ტალიავინის ანგარიში; ეს იყო ძალიან აშკარა თავდასხმა მძინარე ცხინვალზე; თავდასხმა რუს სამშვიდობოებზე, ჩვენ 15 კაცი დავკარგეთ; პრობლემა მაშინ ის იყო, რომ ჩვენ ნატო–რუსეთის საბჭოს კარზე ვაკაკუნებდით და ვცდილობდით წარმოგვედგინა ჩვენი არგუმენტაცია; ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცა და რამდენიმე კვირაში [2008 წლის ომის შემდეგ] ნატომ გადაწყვიტა, რომ ნატო–საქართველოს კომისია შეექმნა ფაქტიურად იმისათვის, რომ დაეჯილდოვებინა საქართველოს ხელმძღვანელობა ამ ქმედებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო ის გზა, რომლითაც ნატოს უნდა მოეგვარებინა სიტუაცია, რადგანაც რუსეთს დაესხნენ თავს“.