ღარიბაშვილი ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მონაწილეობს, კვირას ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ–მინისტრს მარკ რუტესს შეხვდა.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თავის ჰოლანდიელ კოლეგას  „ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისთვის“, იტყობინება საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური. ამავე ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის, ასევე ორმხრივი ვაჭრობის და ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების ორდღიან სამიტს 24–25 მარტს ასევე ესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე.

ჰააგის სამიტი უკვე მესამე ასეთი შეხვედრაა. ბირთვული უსაფრთხოების პირველ სამიტს პრეზიდენტმა ობამამ ვაშინგტონში 2010 წლის აპრილში უმასპინძლა, ხოლო მეორე ასეთი შეკრება 2012 წელს სეულში გაიმართა – მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორივე მათგანში მიიღო მონაწილეობა.