ხელისუფლების წარმომადგენლები სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით აშშ–ს შეშფოთების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების თაობაზე გამოთქმული შეშფოთების შესახებ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ განცხადებას განიხილავენ, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს „რჩევას“, რომ დაცული იყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, ხოლო კოალიცია ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ ამაში არაფერი საგანგაშო არ არის და სიტუაციის „დრამატიზების“ საჭიროება არ არსებობს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ბევრ საქმეზე გამოძიების ერთდროულად დაწყება, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, პოლიტიკური ანგარიშწორების თაობაზე ლეგიტიმურ შეშფოთებას წარმოშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა".

„ჩვენ მას [აშშ-ის განცხადებას] განვიხილავთ როგორც რჩევას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, „იქ არის ნათქვამი, რომ კანონზე მაღლა არავინ არ დგას, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგანაც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ჯერჯერობით არის მყიფე. სწორედ ეს არის, მე ვფიქრობ, ამ განცხადების ამოსავალი წერტილი“.

„რასაკვირველია, გასაგებია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, თუ როგორი სუსტი იყო სამართალდამცავი ორგანოები საქართველოში, როგორი სუსტი იყო სასამართლო სისტემა, რომელსაც ლამის 99%  გამამტყუნებელი განაჩენი გამოჰქონდა მოქალაქეების წინააღმდეგ. აქ აქცენტი არის სწორედ იმაზე, რომ ყველაფერი უნდა წარიმართოს სამართლიანად, გამჭირვალედ, კანონის უზენაესობის ფარგლებში და სწორედ ეს არის ის, რისი გარანტიაც უნდა მივცეთ და ვაძლევთ კიდეც ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. მთავარი არის, როგორ წარიმართება პროცესი, თორემ არავინ არ უარყოფს იმას, რომ კითხვებზე პასუხი უნდა იყოს გაცემული და თუკი ამ კითხვებზე პასუხი, პროკურატურის აზრით, სავარაუდოდ აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მაშინ რასაკვირველია, მან უნდა გასცეს იმ კითხვებზე პასუხი, რომელზედაც სხვას არ შეუძლია პასუხის გაცემა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მოწმის სახითაა დაბარებული. „არც ერთ ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე არ არის დაცული იმისგან, რომ არ დაიბარებენ ერთ დღეს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ. ეს ასეა ყველა ქვეყანაში და ასეა ჩვენთანაც“, – განაცხადა მან.

ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა: „მათი შეშფოთება არის უფრო მეტად პრევენციული ხასიათის, რათა დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად გამჭირვალე პროცესი მიმდინარეობს“.

„საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ არის“, – განაცხადა სესიაშვილმა, „ყოფილი პრეზიდენტი, დღეს უკვე რიგითი მოქალაქე, დაბარებულია მოწმის სახით დაკითხვაზე. მერაბიშვილის დაკავებასთან დაკავშირებითაც შეშფოთება გამოხატა შეერთებულმა შტატებმაც, ევროკავშირმაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესები ჩატარდა, მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გამჭირვალედ წარიმართა და სასამართლომ დამოუკიდებლად, ობიექტურად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს“.

„ნუ მოვახდენთ ამის დრამატიზირებას“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ, „დაუკითხავთ უამრავი პრეზიდენტი მსოფლიოში… აქ ლაპარაკი არ არის ვინმეს დაპატიმრებაზე; უბრალოდ პროკურატურას აქვს კითხვები, რომლებზეც უნდა მიიღოს პასუხი ბატონი სააკაშვილისგან“.

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ის კითხვები, რომელიც პროკურატურას სააკაშვილთან აქვს, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენდა მაშინაც, როცა ის პრეზიდენტი იყო. „შეკითხვები არსებობს და ამ შეკითხვებზე პასუხები აუცილებლად გასაცემია.  თუ რა ფორმით, რასაკვირველია იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება მთავარ მოთხოვნას ცივილიზებული სამყაროსი – ეს არის მაქსიმალური გამჭირვალობა და კანონთან ზედმიწევნით შესაბამისობა და განთავისუფლება ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნისგან“, – განაცხადა მან.  

„არავის არ აქვს ინდულგენცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკითხვაზე არ მივიდეს და პროკურატურის კითხვებს, თუკი ეს ლეგიტიმურია, არ უპასუხოს. მე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ პროცესს გამართავს აბსოლუტურად გამჭირვალედ და ზედმეტი კითხვები შერჩევით სამართალთან დაკავშირებით არავის არ ექნება“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ, „კანონზე მაღლა არავინ არ დგას. არავის აქვს უფლება, რომ იქნება ეს პრეზიდენტი, თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო მოხელე – ყოფილი თუ არსებული – აარიდოს თავი კითხვებს“.

„ეს განცხადება ჩვენს მიერ აღქმულია, როგორც ჩვენი მეგობარი, პარნტიორი ქვეყნის –  ამერიკის მხრიდან ერთგვარი გამოხმაურება, შეიძლება ერთგვარი რჩევაც. ჩვენ ვეთანხმებით, რომ იქ არის ნახსენები, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული და არავინ უნდა დადგეს კანონზე მაღლა“, – განაცხადა საქართველოს საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ.

მან განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი საქმეების დიდი რაოდენობა, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურას სააკაშვილის დაკითხვა სურთ,  „გარედან“ შეიძლება "ინტენსიური და რაოდენობრივად შთამბეჭდავი ჩანს, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს მაღალი დაინტერესება მთელი რიგი საკითხების მიმართ და თუკი ლეგიტიმური შეკითხვები არსებობს ამ საქმეების გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ, ალბათ მათზე პასუხი უნდა გაეცეს“.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭირვალედ; ხელისუფლებას ამის პრობლემა არასოდეს არ ქონია ჩვენს პარტნიორებთან; ეს დიალოგი მუდმივად მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგებიც, პარტნიორებიც იქნებიან ინფორმირებული და გზადაგზა ეს შეკითხვებიც პასუხგაუცემელი არ დარჩება“, – განაცხადა ჯალაღანიამ.
 
გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელიც მას შემდეგ შედგა, რაც პროკურატურამ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა და მანამდე, სანამ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას გამოაქვეყნებდა, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას არ ეშინია იმ „სპეკულაციების და კითხვების“, რაც შესაძლოა პროკურატურის გადაწყვეტილებას მოყვეს.

„თუ პრეზიდენტთან, პრემიერთან ან სხვა რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირთან გამოძიებას გაუჩნდება კითხვები, მათ ამ კითხვებს ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ. ამაში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილი შეეცდება, მაქსიმალურად გამოიყენოს ლობისტური კომპანიები და ევროპაში თუ ამერიკაში შექმნას მცდარი განცდა, თითქოს დაკითხვაზე პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეა დაბარებული. თუმცა ჩვენს მხარეს არის ძლიერი სიმართლე და არც ერთი კითხვის არ გვეშინია. როგორც ვთქვი, 24 მარტს დავესწრები ბირთვულ სამიტს, სადაც მსოფლიოს ლიდერებიც იქნებიან და მედიაც. შესაბამისად, თუ კითხვას დამისვამენ, პირადად გავცემ პასუხს, რათა დავასრულო ის ინტერპრეტაციები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილისგან და მისი ლობისტური კომპანიებისგან შეიძლება წამოვიდეს. ჩვენ ამის არ გვეშინია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„სააკაშვილი ვალდებულია ჩამოვიდეს, რადგან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და პროკურატურას მასთან არაერთ მძიმე საქმეზე აქვს კითხვები. თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად, მისი ძებნა გამოცხადდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მიხეილ სააკაშვილი მთავარი მოწმეა, სწორედ მისი ხელდასხმით და ხელმოწერით ხდებოდა ბევრი რამ. თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ ჩამოვა, თავს ჩაიყენებს მძიმე მდგომარეობაში და უფრო მეტი კითხვა გაჩნდება“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ მისი დაკითხვაზე დაბარება „ივანიშვილი–პუტინის თამაშის“ ნაწილია და ის არ აპირებს, რომ პუტინის ოცნებები აასრულოს თბილისში დაკითხვაზე ჩამოსვლით.