საქართველოს და ესპანეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მადრიდში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც სამდღიანი ვიზიტით ესპანეთს სტუმრობს, 24 მარტს თავის ესპანელ კოლეგას პედრო მორენესს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  მინისტრებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წვრთნისა და განათლების სფეროებზე.

ამავე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესსა და დაგეგმილ ნატოს სამიტზე [სექტემბერში] საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხს“.

ეს საკითხი საქართველოს თავდაცვის მინისტრის და მისი იტალიელი კოლეგის შეხვედრაზეც იქნა განხილული რომში 12 მარტს.

„ჩემს ესპანელ კოლეგასთან დღევანდელი ოფიციალური შეხვედრა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და უსაფრთხოების გარემოს შეეხო, რომელიც უკრაინის მიმართ ბოლო აგრესიის შემდეგ  ჩვენს რეგიონში ჩამოყალიბდა. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნატოში საქართველოს  ინტეგრაცია უნდა იყოს დაჩქარებული. ნატოში ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციაზე ესპანეთს ძალიან მკაფიო პოზიცია ექნება“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

ალასანიამ ესპანელ კოლეგას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართველი სამშვიდობოების ჩართვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.