ღარიბაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით აშშ–ს შეშფოთების შესახებ
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების გამო, „არასწორად არ უნდა აღვიქვათ“.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო გამონაკლისი არ არის და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს, კერძოდ საფრანგეთის და იტალიის ყოფილ ლიდერებს ასევე მოუწიათ დაკითხვაზე გამოცხადება. მისი თქმით, არასწორი იქნება საქართველოსგან იმის მოთხოვნა, რომ „უფრო დემოკრატიული“ იყოს, ვიდრე ეს სახელმწიფოები.
„არავინ არ უნდა მოგვთხოვოს ჩვენ, რომ ვიყოთ უფრო მეტად კათოლიკე, ვიდრე არის რომის პაპი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ბევრ საქმეზე გამოძიების ერთდროულად დაწყება, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, პოლიტიკური ანგარიშწორების თაობაზე ლეგიტიმურ შეშფოთებას წარმოშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა".
როდესაც ღარიბაშვილს, რომელიც ამჟამად ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება, აშშ–ის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან უთხრა ქართველ ჟურნალისტებს: „ეს მე მგონი არასწორად არ უნდა აღვიქვათ“.
„ეს არის ჩვეულებრივი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რჩევა, რეკომენდაცია, რომ ეს პროცესი იქნას წარმართული გამჭირვალედ. მე აქ ვარ უკვე მეორე დღეა და ჩვენ ამის თაობაზე საუბარი საერთოდ არ გვქონია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა მისი ორმხრივი შეხვედრები ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში; ამ კომენტარის გაკეთების მომენტისთვის ღარიბაშვილს უკვე ჰქონდა გამართული შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ბრაზილიის ვიცე–პრეზიდენტთან მიშელ ტემერთან, ასევე ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრთან მარკ რუტესთან და ინტერპოლის ხელმძღვანელთან როლანდ ნოუბლისთან.
„მე უბრალოდ არ მესმის ეს ისტერიკა საიდან მომდინარეობს. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. მსგავსი რამ ხდება ევროპის შუაგულში; იცით ალბათ, რომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან იყო შეკითხვები, მე ვგულისხმობ სარკოზის, მე ვგულისხმობ ჟაკ შირაკს ასევე, მე ვგულისხმობს ასევე იტალიის პრემიერ–მინისტრ ბერლუსკონის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პროცესი. მითუმეტეს, პროკურატურას საუბარი აქვს ძალიან მძიმე დანაშაულებებზე. მე ვფიქრობ, ჩვენ არ მიგვიცია არავითარი ეჭვის საფუძველი; პირიქით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ გამჭირვალობით და კანონის უზენაესობა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ვინმე ცდილობს წარმოაჩინოს ისე, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე საფრანგეთი ან იტალიაა, ეს, მე მგონი, მცდარი შეფასებაა“, – განაცხადა მან.