უსუფაშვილი სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით აშშ–ს შეშფოთების შესახებ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პროკურატურაში მოწმედ დასაკითხად დაბარების გამო, „ძალიან მკაფიოა„ და აფრთხილებს საქართველოს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს ახლა, როდესაც „ძალიან ბევრი რამ არის სასწორზე“.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის ძალიან მკაფიო და დახვეწილი – და მე მგონი ისეთი, რომელსაც უნდა ველოდოთ ჩვენი კეთილისმყოფელი, ძლიერი, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომელიც გვეუბნება, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ძალიან ბევრი რამ არის სასწორზე, იყავით კიდევ უფრო ფრთხილად. ამიტომ, მე მგონია, რომ როდესაც პროკურატურას უჩნდება კითხვა ვინმეს მიმართ, ის უნდა დასვას და ყველა ვალდებული ვართ, გავცეთ პასუხი“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს თბილისში 24 მარტს, „ამასთანავე, თუ პროკურატურის მიმართ გაუჩნდა ვინმეს კითხვა, პროკურატურამაც უნდა ახსნას, რატომ ახლა და ამ თემაზე“.
მისი თქმით, თუ ყველა შესაბამის პასუხებს გასცემს პროკურატურის შეკითხვებს, და თუ ასევე შესაბამისი პასუხები გაეცემა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წამოწეულ საკითხებს, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ბევრ საქმეზე გამოძიების ერთდროულად დაწყება, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, პოლიტიკური ანგარიშწორების თაობაზე ლეგიტიმურ შეშფოთებას წარმოშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა".