საქართველოს პრემიერ–მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 24 მარტს ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა და ოლანდმა, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებს მაისის შუა რიცხვებში გეგმავს, განიხილეს „აქტიური და მჭიდრო“ თანამშრომლობის საკითხი, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში საფრანგეთის როლზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს მისი ქვეყნის მიერ „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან; ბრაზილიის ვიცე–პრეზიდენტთან მიშელ ტემერთან; საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან რონალდ ნოუბლისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან 24 მარტს; ხოლო 23 მარტს ის თავის ჰოლანდიელ კოლეგას მარკ რუტესს შეხვდა.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კიდევ უფრო დაჩქარების შესაძლებლობა განიხილა.
ევროკავშირმა განაცხადა გასულ კვირას, რომ საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას არაუგვიანეს ივნისისა მოაწერს ხელს. მანამდე, ხელმოწერის ბოლო ვადად არაუგვიანეს აგვისტოს ბოლო სახელდებოდა.
„იცით ალბათ, რომ მათ უკვე დაადასტურეს, რომ ეს ხელმოწერა შედგება ივნისის თვეში, მაგრამ საუბარია, რომ კიდევ უფრო გადმოიწიოს თარიღი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „ამის თაობაზე ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან ეს არის ტექნიკური პროცესი, და ამას სჭირდება გარკვეული დრო. თუმცა, ორივე მხარე ადასტურებს სრულ მზადყოფნას იმის თაობაზე, რომ ჩვენ აღნიშნულ ხელშეკრულებას გავაფორმებთ რაც შეიძლება მალე“.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მიზანია, რომ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2015 წლის სამიტამდე შეასრულოს.