სოხუმის თქმით, აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი არც კი განიხილება

სოხუმი არც კი განიხილავს სეპარატისტული აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს და შესაბამისად, ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა.

„აფსნიპრესის“ მიერ დასმულ  კითხვას, რომ სოციალურ ქსელებსა და აფხაზურ საექსპერტო საზოგადოებაში აქტიურად განიხილება აფხაზეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესაძლებლობა ყირიმის მაგალითის კვალდაკვალ და აქვს თუ არა ამ პროგნოზებს რეალური საფუძველი, 25 მარტს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კრისტიან ბჟანიამ უპასუხა.

„ჩვენ ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცეში წამოწყებულ დისკუსიას ამ თემაზე, და სიმართლე გითხრათ, არ მივიჩნევდით საჭიროდ კომენტარის გაკეთებას აფხაზეთის საზოგადოებისა და ხელისუფლების  სრულიად გარკვეულ, კონსოლიდირებულ პოზიციაზე“, – განაცხადა მან. 

„ამასთან, მინდა ყურადღება მივაქციო, რომ აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა-არ შესვლის თემა უკრაინასა და ყირიმში უკანასკნელი მოვლენების კონტექსტში წამოიწია არა აფხაზურ საზოგადოებასა და საექსპერტო წრეებში, არამედ ზოგიერთი რუსული მედია-საშუალების მიერ არის ინიცირებული“, – აღნიშნა ბჟანიამ.

შემდეგ მან ხაზი გაუსვა ისტორიულ განსხვავებებს, რომლებიც აფხაზეთსა და ყირიმის შორის არსებობს მათ შორის იმ კუთხით, რომ საბჭოთა კავშირის ფორმირების დროს, როცა აფხაზეთმა „დამოუკიდებელი სუბიექტის რანგში მოაწერა ხელი საბჭოთა კავშირის შექმნას“, ყირიმი იმ დროს რუსეთის შემადგენლობაში იყო და მოგვიანებით, 1954 წელს გადაეცა უკრაინას.

„დღეს ეს შეცდომა გამოსწორებულია“, – განაცხადა ბჟანიამ და გაიმეორა სოხუმის პოზიცია, რომ „უპირობოდ მხარს უჭერს“ რუსეთის მიერ ყირიმის შეერთების „სამართლიან“ გადაწყვეტილებას.

„აუცილებელია აღინიშნოს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში არც საზოგადოებრივ დონეზე და არც ხელისუფლების მიერ არ დგას და არც კი განიხილება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხი. შესაბამისად, საუბარი არც შეიძლება იყოს მოცემულ  თემაზე რეფერენდუმის შესახებ. ის არ ჩატარდება არა იმიტომ, რომ ვინმეს ეშინია მისი შედეგების, არამედ იმის გამო, რომ ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„რაც შეეხება ამჟამინდელ აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებს, ის ზუსტადაც, რომ საკმაოდ დინამიურად ვითარდება, მოიცავს საერთო ინტერესების პრაქტიკულად ყველა სფეროს. ამ ურთიერთობების დონე და ხარისხი არ ტოვებს სივრცეს აღნიშნული დისკუსიების შემოტანისთვის“, – განაცხადა კრისტიან ბჟანიამ. 

11 მარტს რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანმა „ეხო კავკაზამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სოხუმში მოსახლეობასთან ჩაწერილი ინტერვიუები სათაურით „მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი რუსეთის შემადგელობაში ვყოფილიყავით“. თუმცა, ეს ინტერვიუები, სადაც გამოკითხულთა უმეტესობა რუსეთში გაწევრიანებას უჭერდა მხარს, სტატიის ავტორის მოთხოვნით საიტიდან ამოიღეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ონლაინ კომენტატორების მხრიდან თავდასხმების სამიზნე გახდა – ზოგი ავტორს „პროვოკატორს“ უწოდებდა ისეთი ინტერვიუების მომზადების გამო, სადაც ბევრი რუსეთში გაწევრიანებას უჭერდა მხარს.

სეპარატისტული რეგიონში ბოლო დროს ჩატარებული რაიმე საზოგადოებრივი გამოკითხვა ხელმისაწვდომი არ არის. 2010 წელს მოსკოვში მოქმედი კვლევითი ცენტრის „ლევადას“ მიერ აფხაზეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მხარდაჭერა დამოუკიდებლობის მიმართ უფრო ძლიერი იყო ეთნიკურ აფხაზ რესპონდენტებს შორის (79%), ვიდრე სეპარატისტულ რეგიონში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ ჯგუფებში.

იმავდროულად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში იმყოფება. მისი პრესსამსახურის უფროსზე დაყრდნობით სააგენტო „რესი“ 25 მარტს იტყობინება, რომ თიბილოვს შეხვედრები აქვს დაგეგმილი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ასევე იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობენ.