ღარიბაშვილი: ‘მთავარი რჩევა, რაც მივიღე იყო ის, რომ ჩვენ უბრალოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ ოპონენტების ისტერიულ კამპანიას’

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 25 მარტს, რომ „მთავარი რჩევა, რაც მივიღე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან იყო ის, რომ ჩვენ უბრალოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ ოპონენტების ისტერიულ კამპანიას“ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტის დაბარება პროკურატურაში, ხელისუფლების მიერ წარმოებული „პოლიტიკური ანგარიშწორების“ კამპანიის ნაწილია, რამაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მოუტანის საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესს.    

„მე გავმართე შეხვედრები რამდენიმე ევროპელ ლიდერთან; ყველანი მოუთმენლად ელიან საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას“, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ჰააგაში, სადაც მან ბირთვული უსაფრთხოების სამიტში მიიღო მონაწილეობა, „ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა… ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მისწრაფებას, რომ გახდეს ევროკავშირის სრულეფლებიანი წევრი“.

„მინდა დავამშვიდო ყველა, ვისაც რაიმე კითხვები გაუჩნდა ამ დღეების განმავლობაში, რომ არავის არ აინტერესებს არც ყოფილი პრეზიდენტი, არც მისი დაბარება პროკურატურაში; უბრალოდ ისტერიკა, რაც მიმდინარეობდა ოპონენტების მხრიდან, ეს გასაგებია; მაგრამ მთავარი რჩევა, რაც მე მივიღე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან იყო ის, რომ ჩვენ უბრალოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ მათ მიერ წარმოებულ ამ ისტერიულ კამპანიას. ასე რომ, ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ეს გამოხატული იქნება მომდევნო თვეებში რამდენიმე ევროპელი ლიდერის ვიზიტებში საქართველოში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეშფოთება გამოხატა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაბარების თაობაზე და  23 მარტს განაცხადა, რომ „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ბევრ საქმეზე გამოძიების ერთდროულად დაწყება, რომლებშიც ყოფილი პრეზიდენტი ფიგურირებს, პოლიტიკური ანგარიშწორების თაობაზე ლეგიტიმურ შეშფოთებას წარმოშობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა".

ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფულემ 25 მარტს დაწერა Twitter-ზე, რომ „შეშფოთებით ვადევნებ თვალს სააკაშვილის გამოძახებას“. „არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ევროპული პრაქტიკა და სტანდარტები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული“, – წერს ფულე Twitter-ზე.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ჰააგაში 23 მარტს თავის ჰოლანდიელ კოლეგას მარკ რუტესს შეხვდა; ღარიბაშვილმა ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები ლიტვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან; ბრაზილიის ვიცე–პრეზიდენტთან მიშელ ტემერთან; საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან რონალდ ნოუბლისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან 24 მარტს, ხოლო 25 მარტს ის შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტს დიდიერ ბურკჰალტერს;  დანიის პრემიერ-მინისტრს ჰელე ტორნინგ-შმიდტს; კანადის პრემიერ-მინისტრ შტეფან ჰარპერს და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს.