არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა 26 მარტს განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარების რამდენიმე ასპექტმა შესაძლოა „ჩრდილი მიაყენოს ობიექტურ გამოძიებას“ და მოუწოდა ხელისუფლებას არ გააჩინოს ეჭვი, რომ „ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას“.

„ცხადია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, კანონის წინაშე თანასწორია და, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა, განსაკუთრებით დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ღიად უნდა წარიმართოს. მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ეჭვი, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნას, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის იმიჯს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

„ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე გარემოება, რამაც შეიძლება სერიოზული ჩრდილი მიაყენოს ობიექტურ გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუ რატომ წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობა მაინცდამაინც ახლა და როგორ მოხდა, რომ რამდენიმე საქმეზე მისი დაკითხვა ერთსა და იმავე დროს გახდა საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
„ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც საშინაო, ასევე საგარეო კონტექსტის გათვალისწინება. საქართველო, ისევე როგორც მთელი რეგიონი განსაკუთრებული საგარეო საფრთხეების წინაშე იმყოფება. იმ ფონზე, როდესაც, ერთი მხრივ, ხდება ევროკავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების დაანონსება, ხოლო, მეორე მხრივ, კეთდება ნატო-ს გაფართოვების პროცესისადმი ახალი მიდგომების შესახებ განცხადება, მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბარება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ არ იქნას აღქმული, როგორც  ხელისუფლების პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება და ეს ფაქტი უარყოფითად არ აისახოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე“, – აცხადებს ოთხი ორგანიზაცია. 

„ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დასაკითხად დაბარება წინასაარჩევნო კონტექსტშიც შეიძლება იქნეს განხილული. პროკურატურამ უნდა განმარტოს, თუ რატომ გახდა საჭირო ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. ვფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საპროცესო მოქმედებების წარმოება უარყოფით გავლენას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესზე. ვფიქრობთ საგამოძიებო ორგანოებმა, შარშანდელი არჩევნების მსგავსად, მაქსიმალურად  თავი უნდა შეიკავონ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ მსგავსი ქმედებებისგან. აღნიშნული რამ ცალსახად პოზიტიურ გავლენას მოახდენს წინასაარჩევნო გარემოზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, რომელიც კიევში იქნა ჩაწერილი და 25 მარტს გავიდა ეთერში, სააკაშვილმა გაიმეორა, რომ ის არ აპირებს თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში დასაკითხად გამოცხადებას, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის გამო.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გაბედა და მითხრა", რომ "თუ არ ჩავიკმენდდი ხმას" აუცილებლად დაიჭერდა. მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეთანხმებით მოქმედებს; სააკაშვილმა კვლავ გაიმეორა ახლახანს თავისი ნათქვამი, რომ პუტინის ოცნებებს ვერ აასრულებს თბილისში ჩამოსვლით.

მისი თქმით, რუსეთს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანა ერთი მხრივ იმიტომ სურდა, რომ მოეხდინა „ჩემი მოშორება, განეიტრალება, როგორც სიმბოლოსი რუსეთის მიმართ თავისუფლების მოყვარე ერების გამოწვევის“ და მეორეს მხრივ  იმიტომაც, რომ შიგნიდან შეერყია საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2013 წლის ნოემბერში, როცა ის ბრიუსელს სტუმრობდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ურჩია მას დაეტოვებინა საქართველო.

„ჟოზე მანუელ ბაროზომ მითხრა შემდეგი რამ: ‘როგორც კი შენი მთავრობა შენ დაგაპატიმრებს, ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს არ არის პუტინის მიერ კონტროლირებადი მთავრობა და მე ვიქნები პირველი, ვინც დააყენებს საკითხს, რომ შემდგომი პროგრესი საქართველოსი გაჩერდეს. ამიტომ შენ უნდა გესმოდეს შენი როლი რა არის. თუ შენ მზად ხარ, რომ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებებით შეაჩერო საქართველოს სვლა ევროპისკენ, შენ შეგიძლია დარჩე საქართველოში და მაშინ აღმოჩნდები ციხეში და ნუ, ჩვენ დავიბანთ ხელებს და საქართველოს პრაქტიკულად გადავაბარებთ – ასე გამოვიდა, ამ სიტყვებით არ უთქვამს – პუტინს. თუ არა და დროებით იქნებ გამოერიდო, რათა არ მისცე მათ ცდუნება, რომ ეს გეგმა განახორციელონ’“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის „რამდენიმე ხელმძღვანელმა“, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, იგივე გზავნილი გადასცა მას და მის თანაგუნდელებს.

„როგორც უთხრა გიგა ბოკერიას სახელმწიფო მდივნის ერთ-ერთმა მოადგილემ, ‘რა თქმა უნდა მიშას უფლება აქვს გვითხრას ერთი თქვენიცო და მაინც ჩაბარდეს და წავიდეს ციხეშიო, მაგრამ იცოდეთო რომ ეს არ არის მარტო მიშას საკითხიო, ეს ნიშნავს, რომ ნატოში ავტომატურად მოიკეტება კარი და ავტომატურად ყველა შემდგომი პროგრესი შეჩერდება’“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა.