მთავრობის წევრთა კომენტარები პრეზიდენტ ობამას განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებული რეალობის „ადეკვატურია“ პრეზიდენტ ობამას განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა "არ არიან  ნატოს წევრობის გზაზე" და რომ გაფართოება არ არის ალიანსის უხლოეს გეგმებში.

„ჩვენ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები და რეალურად უნდა შევაფასოთ არსებული სიტუაცია და არსებული მოცემულობა. ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და ეს არის რეალობა, რომ არ იგეგმება ნატოს გაფართოება ამ ეტაპზე და ამიტომ ჩვენი ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რომ  მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, მცდარი მოლოდინები არ გავუჩინოთ ისე, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენ საპირისპიროს ვთავაზობთ  მოსახლეობას; ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ რეალობა გვსურს რომ შევთავაზოთ, ავუხსნათ მათ, განვუმარტოთ“, – განაგრძო მან, „რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ გზა და განვითარება, წინსვლა – ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“. 

„ნატოსთან მიმართებაში მოლოდინები არ უნდა იყოს მცდარი და არ უნდა იყოს ზედმეტად აწეული. პრეზიდენტმა ობამამ თქვა ის, რაც არის რეალობა დღეს მსოფლიოში იმიტომ, რომ ბევრი რამ იცვლება მსოფლიოში და ასე მარტივად ერთ დღეში არ ხდება“, – განუცხადა ღარიბაშვილმა 27 მარტს ჟურნალისტებს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე  “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან” სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასოდეს არ უთქვამს, რომ გაწევრიანებას ელის ნატოს უელსის სამიტისგან, რომელიც სექტემბერში იგეგმება, არამედ მისი მოლოდინი უკავშირდება ალიანსის მიერ საქართველოს ბოლო დროინდელი პროგრესის აღიარებას. 

„ამერიკის პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატოს გზაზე. საქართველო მტკიცედ მიდის ნატოსკენ გზაზე. ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს ნატოში მიიღებენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ასეც იქნება, რომ სამიტზე ასახული იქნება ის პროგრესი, რაც  საქართველოში მოხდა“, – განაცხადა ფანჯიკიძემ. 

„ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ. ამისი საწინააღმდეგო არავის არაფერი არ უთქვამს. ამ გზაზე მივდივართ რწმენით, რომ ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – დასძინა მან. 

სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას განცხადება საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP] მინიჭების საკითხს არ უკავშირდება. 

„არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება საქართველოსთვის MAP-ის [წევრობის სამოქმედო გეგმის] მინიჭების ან არ მინიჭების საკითხს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი, მისი 28-ვე წევრი და ნატოს ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დემოკრატიის კონსოლიდაციაში შესაბამისად და ჯეროვნად უნდა იყოს ასახული ნატოს გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.