პროკურატურა სააკაშვილს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დისტანციურ დაკითხვას სთავაზობს
მთავარმა პროკურატურამ მას შემდეგ, რაც ათ საქმეზე მოწმის სახით დასაკითხად დაბარებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს 13 საათზე გამომძიებლებთან არ გამოცხადდა, მას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა.
„ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის, ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას. ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც“, – განაცხადა მთავარმა პროკურატურამ 27 მარტს.
ამ წინადადების გაგზავნის შემდეგ, პროკურატურის თქმით, სააკაშვილს მიეცემა ერთკვირიანი ვადა, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით.
„მთავარი პროკურატურა იმედს გამოთქვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაც სათანადოდ მოეპყრობა საკუთარ სტატუსს, იმოქმედებს როგორც კანონმორჩილი მოქალაქე და გამოძიებასთან მოწმის სახით თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და დამნაშავეთა დასჯას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ასევე განმარტავს, რომ იმ საქმეებზე, რომლის გამოც სააკაშვილს იბარებენ, „აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან მოყოლებული და მათზე ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული არიან მოწმეები, მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები და ამ დროისთვის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება“.
„ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას, რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე, მომხდარიყო მისი ერთდროულად ინფორმირება რამოდენიმე საქმეზე დაკითხვის აუცილებლობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის ეს ნაწილიც სავარაუდოდ პასუხია იმ საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების პოზიციაზე, რომელთაც ხაზი გაუსვეს ექს-პრეზიდენტის ერთდროულად რამდენიმე საქმეზე დაბარების ფაქტს.
პროკურატურამ 22 მარტს განაცხადა, რომ სააკაშვილს მოწმის სტატუსით დაკითხვაზე ათ საქმესთან დაკავშირებით იბარებდა, რომელთა შორის ასევე ფიგურირებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიება; ექს-პრეზიდენტმა, რომელმაც საქართველო ნოემბერში დატოვა, განაცხადა, რომ არ აპირებდა თბილისში ჩამოსვლას და დაკითხვაზე გამოცხადებას იმ მოტივით, რომ მის წინააღმდეგ ადგილი აქვს არა სამართლებრივ, არამედ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წარმოებულ პოლიტიკურ პროცესს, რომლის უკანაც დგას რუსეთი, რომლის სურვილიც მისი ციხეში ჩასმა და საქართველოს ევროპული კურსიდან გადაყვანაა.
„საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში ისაუბრა მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზეც, რის გამოც იგი თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისაგან. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიების ამ ეტაპზე ემსახურება მისი განმარტებების მიღებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად და არა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელებას და დაკავებას. რაც შეეხება თვით საქმეებს, მათზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადგენის შემთხვევაში პროკურატურა მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა დღის პირველ ნახევარში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან გაკეთებული კომენტარი, სადაც მან თქვა, რომ სააკაშვილის პროკურატურაში გამოცხადება არ იყო აუცილებელი, ვინაიდან მას დისტანციური დაკითხვის ფორმას შესთავაზებდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ „მე მოვლენებს გავუსწარი“, როცა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ სააკაშვილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მასზე ძებნა გამოცხადდებოდა.
სააკაშვილის თანაგუნდელებმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადეს 27 მარტს, რომ ყოფილი პრეზიდენტი არ უნდა დათანხმდეს დაკითხვას – არც სკაიპით და არც პროკურორებთან პირისპირ შეხვედრით. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ამ პროცესს „ცირკი“ უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობს; ფარცხალაძე, ნაციონალური მოძრაობის თქმით, არაფორმალურად კვლავ კურირებს პროკურატურას იმის მიუხედავად, რომ ის დეკემბერში ოფიციალურად გადადგა.
იმავდროულად, 27 მარტს პროკურატურის წინ ორი კონტრაქცია გაიმართა – ერთის მონაწილეები სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას აპროტესტებდნენ, ხოლო კონტრაქციის მონაწილეები ექს-პრეზიდენტის დასჯას ითხოვდნენ. მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი იმ პირობებში, როცა პოლიცია ორი აქციის მონაწილეებს შორის კორდონს ქმნიდა.