ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს შესახებ
საქართველომ 2013 წელს განაგრძო რეფორმების დატვირთული დღის წესრიგის განხორციელება, ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირსა და მის მეზობლებს, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს აფასებს.
ყოველწლიური ანგარიში, რომელიც 2013 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების მიღწევებს მიმოიხილავს და იმ სფეროებს მოიცავს, სადაც შემდგომი ძალისხმევის მიმართვაა საჭირო, ევროკომისიამ 27 მარტს გამოაქვეყნა.
„2013 წელს და 2014 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველომ წარმატებულად განახორციელა კომპლექსური და უპრეცედენტო ტრანზიცია ორი გადამწყვეტი არჩევნების გზით, რომლის დროსაც ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა, ასევე ორჯერ შეიცვალა პრემიერ–მინისტრი, შეიცვალა პრეზიდენტი, მოქმედებდა კოჰაბიტაცია და კონსტიტუციით შეიცვალა პოლიტიკურ სისტემა, რის შედეგადაც მოხდა ერთი პარტიის მიერ დომინირებული სახელმწიფო სისტემის მოშლა და იმავდროულად, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით წარსულის დანატოვართან გამკლავება – იმავდროულად მან [საქართველომ] განაგრძო რეფორმების და დაახლოების დატვირთული დღის წესრიგის განხორციელება ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას“, – ნათქვამია ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ.
ანგარიში მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს ძალაუფლების ადეკვატური გადანაწილება; სასამართლო სისტემაში გაატაროს რეფორმა, რათა უზრუნველყოს „სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა“; ასევე უზრუნველყოს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს გამჭირვალედ და მიუკერძოებლად და თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების რაიმე აღქმა; უზრუნველყოს, რომ წინასწარი დაკავება მხოლოდ გამონაკლის ზომად იქნას გამოყენებული; გაზარდოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული კონტროლი; გააძლიეროს მედია პლურალიზმი და დამოუკიდებლობა, ასევე გამოხატვის და აზრის თავისუფლება.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ „გააძლიერა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა იმ ახალი წესების მეშვეობით, რომლებიც ზრდის გამჭირვალობას და პოლიტიკური ჩარევის შესაძლებლობას ამცირებს“.
„სასამართლო სისტემა უფრო დამოუკიდებელი გახდა პროკურატურასთან მიმართებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა „კონსტრუქციული როლი ითამაშა პრეზიდენტსა და პრემიერ–მინისტრს შორის კოჰაბიტაციის პერიოდში და გააძლიერა საკუთარი პოზიცია საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში“.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მედია გარემო „გაუმჯობესდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა, თუმცა ის კვლავ პოლიტიკურად პოლარიზებული რჩება“. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სიტუაცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში „გაუარესდა“ იმ პრობლემების გამო, რომლებიც მის უმოქმედო სამეურვეო საბჭოს უკავშირდება.
ანგარიში აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა „დადებითი შედეგებით“ განხორციელდა და ასევე აღნიშნავს გაუმჯობესებას პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის სფეროში.
„რეფორმები განხორციელდა უფრო სარეაბილიტაციო, ვიდრე სადამსჯელო მიდგომის მიხედვით და რადიკალური ცვლილებები განხორციელდა ციხის მართვის პოლიტიკაში. თუმცა, არსებობს წუხილები იმის თაობაზე, რომ ამას შესაძლოა მოყვეს პატიმრებს შორის არაფორმალური ძალაუფლების მქონე სტრუქტურების, მათ შორის კანონიერი ქურდების მიერ უფლებების კვლავ ხელში ჩაგდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში „შერეულ“ პროგრესს აღნიშნავს შეკრებისა და გაერთიანების უფლებების მიმართულებით და აცხადებს, რომ „ისლამოფობიის და ჰომოფობიის ძალადობრივ მაგალითებს“ ჰქონდა ადგილი.
ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ცვლილებები მოამზადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც რელიგიური შეურაცხყოფა დასჯადი ხდებოდა, მაგრამ „ეს მცდელობა ვერ განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიური უმცირესობების, ომბუდსმენის და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის წინააღმდეგობის წყალობით“.
აღნიშნავს რა შემდგომ პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ, ანგარიში ასევე აცხადებს, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს მაღალი დონის კორუფციის აღსაკვეთად, გამოსავლენად და მასთან გასამკლავებლად“.
„აღიარა რა წარსული პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მთავრობამ პირობა დადო, რომ გააძლიერებდა მექანიზმებს სავარაუდო მაღალი დონის კორუფციასთან საბრძოლველად, თუმცა ეფექტური რეფორმები ამ კუთხით კვლავ განსახორციელებელია“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ მემკვიდრეობასთან გამკლავება კვლავ მთავრობის გამოწვევად რჩება, ვინაიდან მოქალაქეთა 20 000–ზე მეტი საჩივარია შეტანილი ბოლო წლებში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით.
„35 ოფიციალურ პირს, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში მსახურობდნენ, სისხლის სამართლის ბრალდებები აქვთ წაყენებული… ამ კონტექსტში, ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი, გამჭირვალე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამართლებრივი პროცედურები, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური ჩარევისგან“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ „საჭიროა შესაბამისად იქნას გამოძიებული“ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურამ ყოფილ პრემიერ–მინისტრზე ვანო მერაბიშვილზე, რომელსაც გასულ თვეს განაჩენი გამოუტანეს, შეუსაბამო ზეწოლა განახორციელა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „ახალი პოლიტიკა და ნაბიჯები გადაიდგა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზაციის მიზნით. თუმცა, ის ასევე აღნიშნავს, რომ „ზოგიერთმა ინდივიდუალურმა საქმემ კითხვები აღძრა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევასთან, წინასწარი პატიმრობის დროს ცუდ მოპყრობასა და დაკითხვის დროს დაშინებასთან დაკავშირებით“.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ზოგიერთი ოპერაცია მწვავედ იქნა გაკრიტიკებული, როგორც არაპროფესიონალური და ზედმეტად უხეში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიში ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებისკენ მოუწოდებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ეს კანონპროექტი, რომელიც ყოვლისმომცველ ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებს მოიცავს გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ჩათვლით, პარლამენტში „გარკვეული დაგვიანებით შევა“, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასევე ხაზს უსვამს, რომ ამგვარი კანონმდებლობის მიღება „როგორც მოსალოდნელია, სადავო იქნება“.
ანგარიში მიესალმება შრომის კოდექსში ახალი წესების მიღებას – რასაც ევროკავშირი დიდი ხანია სთხოვდა საქართველოს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ „მისი სათანადო აღსრულება კვლავ პრობლემად რჩება“.
„ახლა საჭიროა, რომ ყურადღება გამახვილდეს საჭირო თანმდევი კანონმდებლობის ამოქმედებაზე, სოციალური დიალოგის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და დავის მოგვარების მექანიზმების შემოღებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, „მთავრობის ერთ–ერთ პრიორიტეტად რჩება ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს შექმნა, ზედმეტი სახელმწიფო ჩარევის გარეშე“.
„ძლიერ რეკომენდირებულია მკაფიო კომუნიკაცია და ცალსახა გზავნილი ინვესტორების მიმართ რეფორმების განხორციელების თაობაზე მთავრობის პოლიტიკასა და გეგმასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ბევრი პოზიტიური ნიშანი“ გაჩნდა და „რამდენიმე ფრთხილი ნაბიჯი გადაიდგა“ სეპარატისტულ რეგიონებთან უფრო ღია და ეფექტური ჩართულობისკენ.
თუმცა, მასში ასევე ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ გადასადგმელია „უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის შემზღუდველი ასპექტების არსებითი გადახედვა“.
მართალია შარშან საქართველოს პარლამენტმა დაიწყო იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, მაგრამ ეს ინიციატივა პირველი მოსმენით მიღების შემდეგ შეჩერდა და კანონპროექტი ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის მიღებული.
„ევროკავშირი მიესალმება მთავრობის უფრო ღია მიდგომას კონფლიქტის მოგვარების და ნდობის აღდგენის მიმართულებით. განცხადებები და პირველი ფრთხილი ნაბიჯები, რაც გადაიდგა, დადებითია და უნდა გაძლიერდეს“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ასევე დადებით მოვლენად აფასებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის სახელის შეცვლას, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეწოდა.