აშშ-ის საელჩო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ
აშშ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამ თემაზე პრეზიდენტს ობამას კომენტარი ეხებოდა იმ საკითხს, რომ ამ ეტაპზე თბილისი ითხოვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და არა ალიანსში წევრობას, აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, აგრეთვე იმ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაც ამ მიზნის მისაღწევადაა საჭირო. პრეზიდენტის კომენტარები ასახავდა იმ გარემოებას, რომ ამ მომენტისათვის საქართველო ითხოვს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და არა წევრობას. გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საკითხს ალიანსი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, დიდი ბრიტანეთის სამიტზე განიხილავს და იხელმძღვანელებს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის პრინციპით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიჯიტ ბრინკმა 28 მარტს.
პრეზიდენტმა ობამამ 26 მარტს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე, როგორ ფიქრობს, გაზრდის თუ შეამცირებს უკრაინის კრიზისი ნატოს გაფართოების შესაძლებლობას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების კუთხით, უპასუხა: „არც უკრაინა და არც საქართველო ნატოს წევრობის გზაზე არ არიან. ნატო-ს გაფართოება არ არის უახლოეს გეგმებში".
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მცდარი მოლოდინები“ არ უნდა გაჩნდეს საქართველოს ნატოში დაუყონებლივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით და რომ აშშ–ის პრეზიდენტის განცხადება ამ თვალსაზრისით იყო „აბსოლუტურად ადეკვატური“ და რეალისტური. ნაციონალურმა მოძრაობამ გააკრიტიკა პრემიერ–მინისტრის კომენტარი ბარაკ ობამას საქართველოსთვის "არახელსაყრელ" განცხადებაზე და მას „საგანგაშო“ უწოდა.