დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მას გასულ ღამეს საკუთარი სახლის წინ სულ ცოტა შვიდი მამაკაცი დაესხა თავს.
წიკლაურმა, რომელსაც ცხვირთან და თვალთან სილურჯეები აღენიშნება, უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას ღამის 3 საათზე შვიდი ან რვა ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს.
მისი თქმით, თავდამსხმელები სამიდან იმ ერთ-ერთ მანქანაში მის ჩასმას ცდილობდნენ, რომლებითაც ადგილზე მივიდნენ; თუმცა, ეს ვერ შეძლეს და დაახლოებით ერთ ან ორწუთიანი ჩხუბის შემდეგ ტერიტორია დატოვეს. წიკლაურმა ასევე განაცხადა, რომ თავდამსხმელებს ელექტროშოკიც ჰქონდათ.
ნაციონალურმა მოძრაობამ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას „აკისრებს ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე-იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე-ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს“.
„საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების დანაშაულებრივი დავალების გამცემთა და შემსრულებელთა უსწრაფეს დროში არდასჯა დაადასტურებს ღარიბაშვილ-ივანიშვილის პასუხისმგებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში, „ღარიბაშვილ-ივანიშვილის მიზნის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გატეხვა და მისი ღია პრორუსული ოპოზიციით ჩანაცვლება – მიუღწეველია. ჩვენ გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაგმო თავდასხმა, როგორც „აღმაშფოთებელი“ ფაქტი. „მე მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია და დასძინა: „როგორც კი გვექნება კონკრეტული შედეგები, საზოგადოებას ვამცნობთ ამის შესახებ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე დაგმო ეს "ვანდალური ფაქტი" და განაცხადა: „მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდაცავი ორგანოები ძალიან მალე, უმოკლეს ვადებში გახსნიან ამ დანაშაულს“.
მან ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში სახეზეა ამა თუ იმ თემაზე „ფიზიკური შეხლა-შემოხლის თემატიკის გარკვეული გამოცოცხლება“, რაც „შესაძლოა არ იყოს ინდივიდუალური მოვლენები და ფატები და სწორედ რაღაც ჯაჭვის გარკვეულ რგოლებთან გვქონდეს საქმე“.
„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მე ყველას მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებსაც, პოლიტიკოსებსაც, მოქალაქეებსაც – როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის გარშემო შეკრებილ ღრუბლებზე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და სად და რა თემები იქნება წინ წამოწეული და რითი მოხდება დაძაბულობის შესაძლო ესკალაცია ქვეყანაში, ეს ჩვენ არ ვიცით, ეს მტერმა იცის. ამიტომ მსგავსი ფაქტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და დამნაშავეებმა საკადრისი უნდა მიიღონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უნდა ეცადოს, რომ თავდასხმა წიკლაურსა და თავდამსმელებს შორის პირად კონფლიქტად წარმოაჩინოს, რომლებიც, მისი თქმით, იყვნენ „ნიღბიანი, ელექტროშოკებიანი, კარგად მომზადებული“ ადამიანები. მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიების ნებისმიერი გაჭიანურება მხოლოდ გააძლიერებს იმ ეჭვებს, რომ თავდამსხმელთა ჯგუფს უშიშროების სამსახურებთან აქვს კავშირები.