ხელისუფლებას დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებენ

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ „მაქსიმალურად სწრაფად, ეფექტიანად და ობიექტურად“ გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა.  

„მხოლოდ ასეთი გამოძიება გაფანტავს ყოველგვარ ეჭვს მომხდარი ფაქტის შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის ფუნქციას ეფექტიანად ვერ შეასრულებს, „თუ მისი წევრები არ იქნებიან დაცული ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისგან, რომელსაც შესაძლოა პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერი გააჩნდეს“.    

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას თავდასხმის სწრაფი და ეფექტური გამოძიებისკენ.

ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ თავიანთი ოპონენტის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უნდა ეცადოს, რომ თავდასხმა წიკლაურსა და თავდამსმელებს შორის პირად კონფლიქტად წარმოაჩინოს, რომლებიც, მისი თქმით, იყვნენ „ნიღბიანი, ელექტროშოკებიანი, კარგად მომზადებული“ ადამიანები. მან ასევე განაცხადა, რომ გამოძიების ნებისმიერი გაჭიანურება მხოლოდ გააძლიერებს იმ ეჭვებს, რომ თავდამსხმელთა ჯგუფს სპეცსამსახურებთან აქვს კავშირები.

წიკლაური, რომელსაც სახეზე დაზიანებები ეტყობა, აცხადებს, რომ 31 მარტს დაახლოებით ღამის 3 საათზე დიღომში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მაშინ დაესხა თავს შვიდი თუ რვა ადამიანი, როდესაც ის შინ ბრუნდებოდა. მისი თქმით, თავდამსხმელები სამი მანქანით იყვნენ და მის ჩასმას ერთ-ერთ მანქანაში ძალით ცდილობდნენ. მეზობელმა, რომლის თქმითაც, ინციდენტს ფანჯრიდან ადევნებდა თვალს, განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ცემდა რამდენიმე ერთ კაცს და ცდილობდა მის მანქანაში ჩასმას.  წიკლაური აცხადებს, რომ თავდამსხმელები მას შემდეგ წავიდნენ, რაც მისმა წინააღმდეგობამ ხმაური და მეზობლების ჩართვა გამოიწვია.

წიკლაურის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო გატაცების მცდელობა და გამომძიებლებმა არ უნდა დააკვალიფიცირონ ეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ჯანმრთელობისთვის მცირე ზიანის მიყენებას ეხება.