შტაინმაიერი, ფაბიუსი და შიკორსკი აღმოსავლელ პარტნიორებთან ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ
საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ასოცირების შესახებ შეთანხმებების შედეგებზე ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ისწრაფვიან, კერძოდ საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.
ერთობლივი განცხადება, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა, ლორენ ფაბიუსმა და რადოსლავ შიკორსკიმ ვაიმარში გამართული შეხვედრის შედეგად მიიღეს, ძირითადად უკრაინას ეხება, თუმცა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასაც მიმოიხილავს. განცხადების თანახმად, ამ ინიციატივის მიზანია „დავეხმაროთ ჩვენ პარტნიორებს ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფოების მშენებლობაში და ხელი შევუწყოთ ხალხთა შორის კონტაქტებს. ეს ასევე რუსეთის ინტერესებშიც შედის“.
„ამიტომ, განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას და უზრუნველვყოფთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები არ დადგნენ მკვეთრი არჩევანის წინაშე – ან დაუახლოვდნენ ევროკავშირს ან ყოვლისმომცველად იმუშავონ რუსეთთან. არც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა და არც ის ორმხრივი ხელშეკრულებები, რომელთაც ევროკავშირი თავის პარტნიორებთან დებს, არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადება, რომელიც გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, უკრაინასა და რუსეთს შორის „აზრიანი დიალოგისკენ“ მოუწოდებს, რაც „დე-ესკალაციისთვის მთავარ ნაბიჯს“ წარმოადგენს.
„ამგვარ დიალოგთან ერთად, ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან იმ შედეგების შესახებ, რაც ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებებს ექნება ორივე მხარისთვის“, – აღნიშნეს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში.
მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს „თავი შეიკავოს უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციისგან და შეამციროს თავისი სამხედრო ძალების განლაგება რუსეთ–უკრაინის საზღვრის გასწვრივ. იგივე ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც“.
განცხადება აღნიშნავს საქართველოს „მნიშვნელოვან პროგრესს“ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას „შემდგომი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მას ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დაეხმაროს მისი განხორციელების ეტაპზე“.