საქართველოს და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა თბილისში
ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი ჯენინ ჰენის-პლასჩერტი 1 აპრილს თბილისში თავის ქართველ კოლეგას ირაკლი ალასანიას შეხვდა.
ალასანიამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ თავდაცვის სფეროში ჰოლანდიასთან ორმხრივი თანამშრომლობა „კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდება“.
მისი თქმით, ჰოლანდია საქართველოს „დიდი ხნის კარგი მეგობარი“ და საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის „მხარდამჭერია“.
ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე.
„უდავოა, რომ ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას დიდი სურვილი აქვს, რომ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციებიდან დაბრუნებული ჯარისკაცების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის და სპეცრაზმის და სამხედრო პოლიციის წვრთნის მიმართულებით.
1 აპრილს ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.