ფანჯიკიძე ბრიუსელში ბრიტანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სამშაბათს თავის ბრიტანელ კოლეგას უილიამ ჰეიგს შეხვდა ბრიუსელში, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა იმართება და რომლის ფარგლებშიც დღეს ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა იმართება.

შეხვედრის შემდეგ ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მათ ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. მან ასევე განაცხადა, რომ უილიამ ჰეიგი საქართველოს „მალე“ ესტუმრება.

იმავდროულად, საქართველოში 1–2 აპრილს ვიზიტით იმყოფება ბრიტანელი მინისტრი ევროპის საკითხებში დევიდ ლიდინგტონი. სამშაბათს ის პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.