მოსკოვი აღმოსავლელ პარტნიორებთან ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებების თაობაზე ინიციატივას პასუხობს

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმ ინიციატივის საპასუხოდ, რომელიც საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააჟღერეს და რომელიც გულისხმობს ევროკავშირი–რუსეთის მოლაპარაკებებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანასთან – საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან  – ასოცირების შესახებ შეთანხმებების შედეგების თაობაზე. 

რუსეთის საგარეო უწყების თქმით, ეს ინიციატივა ფაქტიურად იგივეა, რასაც მოსკოვი ოთხ თვეზე მეტი ხნის წინ სთავაზობდა, თუმცა მაშინ ის ევროკავშირმა უარყო.

ერთობლივი განცხადება, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ფრანკ–ვალტერ  შტაინმაიერმა, ლორენ ფაბიუსმა და რადოსლავ შიკორსკიმ ვაიმარში გამართული შეხვედრის შედეგად მიიღეს, ძირითადად უკრაინას ეხება, თუმცა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასაც მიმოიხილავს.

საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 აპრილს მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად უკრაინას ეხება, თუმცა მასში აღმოსავლეთ პარტნიორობაზეც არის საუბარი.

„განსაკუთრებით თვალშისაცემია ის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის და ევროკავშირის მიერ უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოებას იმ შედეგებზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას მოყვება ყველა მხარისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

„ფაქტიურად, მხარდაჭერილია რუსეთის თავდაპირველი წინადადება, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში გაკეთდა და რომელიც იმთავითვე უარყო ევროკავშირმა. როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს! თუმცა, საკითხავია მზად არიან თუ არა ამისთვის ბრიუსელში და აღმოსავლეთ პარტნიორობის ზემოხსენებულ ქვეყნებში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.