ნატოს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო „განსაკუთრებული პარტნიორია“, რომელმაც „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია და დასძინა, რომ მომავალი ადგილობრივი არჩევნები „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი“ იქნება დემოკრატიის მომწიფების გზაზე.

ბრიუსელში 2 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ნატოს–საქართველოს კომისიის სხდომაზე თავის შესავალ სიტყვაში რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ „დაადასტურა, რომ არის უსაფრთხოების ექსპორტიორი“ და აღნიშნა საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში, მისი პირობა, რომ 2014 წლის შემდგომ მისიაშიც განაგრძობს მონაწილეობას, ხოლო 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდება.

„თქვენ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეთ ამბიციურ რეფორმებში დემოკრატიის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით. შემდგომი პროგრესი მოითხოვს განგრძობად კონსტრუქციულ თანამშრომლობას მთავრობასა და ოპოზიციას შორის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

„შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, წლევანდელი ივნისის ადგილობრივი არჩევნები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება საქართველოში დემოკრატიის მომწიფების გზაზე“, – განაცხადა მან.

„საქართველო შესაძლოა მაგალითი გახდეს მთელი რეგიონისთვის, ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და სტაბილურობას, ქვეყანა, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს და იღებს რეალურ დივიდენდებს და ქვეყანა, რომელიც დგას გზაზე, რომ განახორციელოს საკუთარი არჩევანი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა რასმუსენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო–საქართველოს კომისიის შეხვედრაზე ასევე იქნება განხილული „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ჩვენს საზღვრებთან არსებული კრიზისი“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი სწრაფვის მიმართ გაწევრიანდეს ნატოში.