პროკურატურა მოწმის გარდაცვალების საქმეზე ყურადღების ცენტრში მოექცა
ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ 2 აპრილს ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც მოწმე შალვა თათუხაშვილის სიცოცხლის ბოლო ერთი თვის გარემოებებს გამოიძიებდა. მოწმე შალვა თათუხაშვილი პროკურატურის მიერ დაკითხვიდან მეორე დღეს გაუჩინარდა და გამოჩენიდან ერთ კვირაში, 24 მარტს გარდაიცვალა.
3 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სპეციალური მოსმენა გამართა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო მიწვეული, თუმცა სხდომა ხმაურით წარიმართა, ძირითადად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების შეტევითი ტაქტიკის გამო, რის გამოც ის შეწყდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) ყოფილი თანამშრომელი, 33 წლის შალვა თათუხაშვილი ბრალდების მოწმედ გამოდიოდა მისი ყოფილი უფროსის დათა ახალაიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე; ახალაიას, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო და რომელზეც ამჟამად ძებნაა გამოცხადებული, ბრალად ედება განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. საქმე ეხება ე.წ. „ნავთლუღის“ სპეცოპერაციას 2006 წლის იანვარში, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
პროკურატურის თქმით, თათუხაშვილმა ახალაია დანაშაულში ამხილა; თუმცა, თათუხაშვილის ოჯახი და ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი, რომელიც ამჟამად თათუხაშვილის ოჯახის ინტერესებსაც წარმოადგენს, აცხადებენ, რომ ჩვენება „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ და „წამების“ შედეგად იქნა მოპოვებული, რასაც შედეგად მოწმის გარდაცვალება მოყვა. ოჯახმა თათუხაშვილის გვამის დათვალიერების სურათებიც გაასაჯაროვა, სადაც მის სხეულზე არსებული დაზიანებები ჩანს. გარდაცვალების მიზეზები არ არის დადგენილი, ვინაიდან ექსპერტიზის შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ბრალდებების განეიტრალების მიზნით მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ 2 აპრილს საღამოს პრესკონფერენცია გამართა, ხოლო პროკურატურამ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული რამდენიმე ვიდეოც გამოაქვეყნა, მათ შორის თათუხაშვილის მიერ ჩვენების მიცემის ამსახველი ვიდეოს ნაწილი და სხვა მოწმეების წერილობითი განცხადებები, რაც, პროკურატურის თქმით, ამყარებს მათ მტკიცებებს იმის თაობაზე, რომ პროკურატურის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა.
24 თებერვალს შალვა თათუხაშვილს პროკურატურიდან ტელეფონზე დაუკავშირდა გამომძიებელი და განუმარტა, რომ ის მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო ე.წ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, ვინაიდან მაშინ ის შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. გამოძიების ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილი ორ ადვოკატთან ერთად დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა პროკურატურაში. თავისი ორი ადვოკატის თანდასწრებით (მისი რამდენიმე მეგობარი და ძმა გარეთ ელოდნენ მას), როგორც პროკურატურა აცხადებს, თათუხაშვილმა წვრილად აღწერა ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა.
„დაკითხვისას თათუხაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ამ ჩვენების გამო შესაძლებელი იყო ახალაიების ოჯახს და გარემოცვას მისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნათ რისიც, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ეშინოდა. მან პროკურატურას მიღებული ჩვენების სანაცვლოდ მოსთხოვა მოწმის დაცვის პროგრამაში ჩართვა, სახელისა და გვარის შეცვლა და შესაბამისად, ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა“, – აცხადებს პროკურატურა, „პროკურატურა პირველ ეტაპზე მოწმე თათუხაშვილს დათანხმდა ჩაერთო ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში და ამ მიზნით, შალვა თათუხაშვილისთვის მოხდა კონსპირაციული საცხოვრებელი ფართის გამოყოფა, ასევე დაენიშნა პირადი დაცვა“.
ამ ვერსიას ასევე ამყარებს ორი ადვოკატის მიერ 27 მარტს მიცემული ჩვენებები, რომლებიც 24 თებერვალს თათუხაშვილის დაკითხვას ესწრებოდნენ და რომელთაც განაცხადეს თავიანთ ჩვენებებში, რომლებიც პროკურატურამ 2 აპრილს გამოაქვეყნა, რომ მოწმეზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
დათა ახალაიას ადვოკატისთვის, ირაკლი ზაქარეიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 25 თებერვლითაა დათარიღებული, ოჯახი სთხოვს მას მათი ინტერესები დაიცვას იმ ორი ადვოკატის ნაცვლად, რომლებიც თათუხაშვილის დაკითხვას ესწრებოდნენ. წერილის თანახმად, დაკითხვის შემდეგ თათუხაშვილი სამართალდამცავებმა სწრაფად წაიყვანეს უცნობი მიმართულებით და ნათესავებს, რომლებიც დაახლოებით 11 საათი ელოდნენ მას პროკურატურის გარეთ, მასთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს.
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოებზე, რომლებიც არაა დათარიღებული, ჩანს თუ როგორ შევიდნენ და გამოვიდნენ შალვა თათუხაშვილი და მისი ორი ადვოკატი პროკურატურიდან. ჩანაწერში ჩანს, რომ როდესაც თათუხაშვილი და მისი თანმხლები პირები (რომელთა შორის ასევე იყვნენ მოწმის დაცვის წარმომადგენლები) ტოვებენ შენობას, თათუხაშვილი დაახლოებით 30 წამი ესაუბრება თავის ერთ–ერთ ძმას და შემდეგ ტოვებს ადგილს (ვიდეოჩანაწერში ხმა არ ისმის).
პროკურატურის განცხადებით, „მოწმე ჯდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი დაცვისთვის გამოყოფილ ოპერატიულ ავტომობილში და მიემართება კონსპირაციული ბინისკენ“, სადაც მან ღამე გაატარა და მომდევნო დილას სთხოვა დაცვის წარმომადგენელს, რომ თელეთში თავის სახლში წაეყვანათ, რათა პირადი ნივთები აეღო. ოჯახი ადასტურებს, რომ შალვა 25 თებერვალს მივიდა სახლში ორ პირად მცველთან ერთად, რომლებიც მას გარეთ ელოდებოდნენ.
იმ დროს სახლში იმყოფებოდნენ მისი ორი ძმა, და და დედა. ოჯახის განცხადების თანახმად, შალვამ უთხრა მათ, რომ აიძულეს ცრუ ჩვენება მიეცა ახალაიას წინააღმდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ოჯახის და პროკურატურის განცხადებით, შალვა თათუხაშვილი სახლიდან ისე გაიპარა, რომ პირადმა მცველებმა ამის შესახებ ვერ გაიგეს.
როდესაც 2 აპრილს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, თუ როგორ შეიძლებოდა დაცვის ქვეშ მყოფი მოწმე გაქცეოდა პოლიციელებს, მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ უპასუხა: „დაცვა დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც თათუხაშვილი გაიქცა, მან დააფიქსირა თავისი ქმედებით ის, რომ მას აღარ სჭირდებოდა დაცვა. შესაბამისად, დაცვის სპეციალური სამსახური მის მიმართ ვეღარ გააგრძელებდა ამ ღონისძიებას; შესაბამისი გადაწყვეტილებით გაუქმებული იქნა მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე“.
მას შემდეგ, რაც თათუხაშვილი გაუჩინარდა 25 თებერვალს, ოჯახმა რამდენჯერმე დაადანაშაულა სამართალდამცავი სტრუქტურები ზეწოლის მოხდენის მიზნით მის უკანონოდ დაკავებაში. თუმცა, პროკურატურამ განაცხადა 2 აპრილს, რომ მას თათუხაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია 18 მარტამდე არ ჰქონდა, ვიდრე მას ლილოს ერთ–ერთ ღამის კლუბში დააფიქსირებდნენ. პროკურატურამ განაცხადა, რომ ის შემდგომი დაკითხვისთვის წაიყვანეს, რათა გაერკვიათ, თუ სად იმყოფებოდა ის 25 თებერვლის შემდეგ. ამჯერად თათუხაშვილი ადვოკატის გარეშე დაკითხეს. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩვენების თანახმად, თათუხაშვილმა იმიტომ გადაწყვიტა გაქცევა, რომ მას უფრო უსაფრთხოდ მიაჩნდა ახლომდებარე ტყეში დამალვა, ვიდრე მოწმის დაცვის პროგრამაში დარჩენა, ვინაიდან მას ახალაიას ოჯახის სპეცსამსახურებთან კავშირების ეშინოდა.
პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეო ჩვენების ნაწილი, რომელიც, მისი თქმით, 18 მარტს თბილისის პროკურატურაში გაკეთდა და სადაც თათუხაშვილი ამბობს, რომ მასზე პროკურორების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. პროკურატურის მიერ ამ ვიდეოს გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, შალვა თათუხაშვილის ძმა, გიორგი, ამბობდა, რომ მას უთხრა შალვამ, რომ პროკურორებმა იარაღის მუქარით ჩამოართვეს მას ჩვენება. პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოთვალით გადაღებული ჩანაწერი, რომელიც უწყების თქმით, 18 მარტსაა გადაღებული და სადაც ჩანს, რომ თათუხაშვილი თავისუფლად ტოვებს პროკურატურის შენობას.
24 მარტს შალვა თათუხაშვილი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. პროკურატურამ განაცხადა, რომ მისი სიკვდილის მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს და ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ექსპერტიზა დასრულდება.
სანამ პროკურატურა მოვლენათა საკუთარი ვერსიის გასამყარებლად მტკიცებულებებს გაასაჯაროვებდა, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა, რომელმაც თათუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა პროკურატურის კრიტიკა, პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა 2 აპრილს გამართული საპარლამენტო დებატების დროს, რომ სპეციალური კომისიის ჩამოყალიბება ნაციონალური მოძრაობის „კაპრიზი“ არ არის. მისი თქმით, ეს ოჯახისთვისაა საჭირო, რომელიც აცხადებს, რომ ვერ ითანამშრომლებს იმ პროკურორებთან, რომელთაც ოჯახი თათუხაშვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს.
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია იმისთვისაა საჭირო, რომ პროკურატურა საკუთარ დანაშაულს არ გამოიძიებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, როდესაც ექსპერტიზის შედეგებიც კი არ არის ცნობილი, ნაადრევი იქნება საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება. მან პირველმა ისაუბრა მოვლენების ოფიციალურ ვერსიაზე, რომელიც შემდეგ პროკურატურამ 2 აპრილს საღამოს წარმოადგინა.
სანამ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა კენჭისყრაზე დადგებოდა, ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სთხოვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს, რამდენიმე კვირით მაინც გადაედოთ კენჭისყრა. მისი თქმით, მას და ქართული ოცნების კიდევ სხვა დეპუტატებს მეტი დრო სჭირდებოდათ საქმის დეტალების გასაცნობად, რათა შემდეგ გადაეწყვიტათ, დაეჭირათ თუ არა მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის. თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ ინიციატივა მაინც დააყენა კენჭისყრაზე იმ მოტივით, რომ პირველ ეტაპზე უნდა გადაწყვეტილიყო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პარლამენტი გარკვეული დროის შემდეგ ცალკე კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კომისიის შექმნისა და მისი დაკომპლექტების თაობაზე. ინიციატივა, რომლისთვისაც სულ ცოტა 50 ხმა იყო საჭირო, ჩავარდა 28 ხმით 7–ის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც პროკურატურამ თავისი მტკიცებულებები გამოაქვეყნა, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროკურატურა „აგონიაში“ იმყოფება. დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს მასალა პროკურატურის ვერსიაზეა მორგებული.
ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ პროკურატურის მტკიცებულებების ნახვის შემდეგ, მას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ შალვა თათუხაშვილზე ახალაიას ოჯახი და მისი ახლობლები ახდენდნენ ზეწოლას.