დეპუტატის იმუნიტეტთან დაკავშირებული ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 72 ხმით 29-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით  მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც, დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო.

ამ ცვლილების საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პროკურატურამ პარლამენტს თხოვნით მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის როლანდ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად ნებართვის მიღებაზე და იქვე მიუთითა იმ საკანონმდებლო კოლიზიის თაობაზე, რომელიც სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხს უკავშირდებოდა.

დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, ერთის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პარლამენტის თანხმობას ითხოვს, მეორეს მხრივ კი კონსტიტუცია, პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონი და პარლამენტის რეგლამენტი ასეთი ნებართვის საჭიროებას და შესაბამის პროცედურებს არ განსაზღვრავს.

ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, საკითხის შესწავლის შედეგად მათ გადაწყვიტეს, რომ შეეცვალათ სისხლის სამართლის კოდექსი მისი კონსტიტუციის არსებულ ნორმასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

2004 წლის აპრილის ცვლილებამდე საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებდა პარლამენტის თანხმობის საჭიროებას დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად. თუმცა დეპუტატის ეს ფართო იმუნიტეტი შეიზღუდა 2004 წლის აპრილში მიღებული ცვლილებებით – ეს პირველი კონსტიტუციური კანონპროექტი იყო, რომელიც მიიღო 2004 წლის მოწვევის პარლამენტმა, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო უმრავლესობით იყო წარმოდგენილი.

ამის შემდეგ კანონმდებლობა  კონსტიტუციურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოვიდა და კონსტიტუციაში ამჟამად არსებული ნორმების მიხედვით განისაზღვრა, რომ პარლამენტის თანხმობას მხოლოდ პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საჭიროებს.

თუმცა 2010 წელს, როგორც ქართული ოცნების დეპუტატები შესაბამისი მასალების შესწავლაზე დაყრდნობით აცხადებენ, რეგლამენტის დარღვევით პარლამენტმა შეიტანა ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც ისევ სავალდებულო გახდა პარლამენტის თანხმობა დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად. თუმცა ამ თანხმობის მისაღებად საჭირო წესები და პროცედურები კანონმდებლობაში არ გაწერილა.

იმუნიტეტის საკითხზე 2 აპრილს გამართული ხანგრძლივი საპარლამენტო განხილვები უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატებს შორის დებატების ფონზე წარიმართა.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან შალვა შავგულიძემ, რომელმაც ცვლილებები პარლამენტის სხდომაზე წარადგინა, განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში 2010 წელს შესული ნორმები ეწინააღმდეგება „კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებს“. მისი თქმით, იმუნიტეტის ჩარჩოს კონსტიტუცია განსაზღვრავს და კანონმდებლობაც მის ფარგლებს არ უნდა ცდებოდეს. მან ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები არ უკავშირდება დეპუტატ როლანდ ახალაიას წინააღმდეგ რაიმე ტიპის „შურისძიებას“ და თანაბრად გავრცელდება ყველა სხვა დეპუტატზე.

„პოლიტიკური დევნა არაფერს შუაშია ამ კანონპროექტთან და ამოსავალია კანონის უზენაესობის პრინციპი“, – განაცხადა მან.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც კანონპროეტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, განცხადეს, რომ 2010 წლის ცვლილებები წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან არსებული ნორმა არ უნდა იქნას ამოღებული. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა კოლეგებს უმრავლესობიდან განუცხადა: „თქვენ ხსნით კარს იმისთვის, რომ პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო გააძლიეროთ პარლამენტის წევრებზე“.

უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს ცვლილებები პროკურატურას, რომელიც მისი თქმით, უკვე გასულია პარლამენტის ზედამხედველობის სფეროდან, საკანონმდებლო ორგანოს „კონტროლის“ ბერკეტებს ჩაუგდებს ხელში.

დეპუტატმა როლანდ ახალაიამ, რომელსაც პროკურატურა 2009 წელს სამეგრელოს სამხარეო პროკურორად მუშაობის პერიოდში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება, პარლამენტის სხდომაზე წაკითხულ განცხადებაში განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ტერორი მძვინვარებს და სახელმწიფო მანქანა მისი ოჯახის რეპრესიისკენ არის მიმართული.

როლანდ ახალაია ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მამაა. ეს უკანასკნელი 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება; ბაჩო ახალაია ორ საქმეზე გაამართლეს; მესამე საქმეზე ის დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა შარშან ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა; სასამართლო პროცესი კიდევ რამდენიმე ბრალდებაზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

როლანდ ახალაიას მეორე შვილი, შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა საქმეზე, რომელიც ცხრა წლის წინ პოლიციელების ცემას ეხება. დათა ახალაია,  ძებნაში იმყოფება.