პარლამენტმა დამატებით შვიდი ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას დაუჭირა მხარი

პარლამენტმა 4 აპრილს დადგენილების მიღებით მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას დამატებით შვიდი ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის თაობაზე, რაც 15 ივნისს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობას  76-მდე გაზრდის.

გადაწყვეტილების თანახმად, შვიდ ახალ თვითმმართველ ქალაქს  – თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთს და ზუგდიდს – გამოეყოფა მათ მიღმა დარჩენილი დასახლებები, რომლებიც ამჟამად შესაბამისი რაიონების ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული და მათგან თითო ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნება,  რომელთა ადმინისტრაციული ცენტრებიც თვითმმართველ ქალაქებში განთავსდება.

„შესაბამისად თელავში იქნება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი და ა.შ.“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა 4 აპრილს პარლამენტის სხდომაზე.

მისი თქმით, მართალია ახალციხისა და გორის საკრებულოებმა წარადგინეს წინადადებები მათი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ორზე მეტი ახალი მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბების თაობაზე, მაგრამ მთავრობამ ამ ეტაპზე ტერიტორიული ოპტიმიზაციის მინიმალური გზა აირჩია არჩევნების მოახლოების მოტივით, თუმცა ამ პროცესის გაგრძელებას გეგმავს, რათა შემდგომი ოპტიმიზაცია  2017 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის განხორციელდეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 6 აპრილამდე უნდა დაადგინოს საარჩევნო ოლქების რაოდენობა და საზღვრები, რა დროსაც იხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტების გაყოფის თაობაზე პარლამენტის  მიერ 4 აპრილს მიღებული დადგენილებით, რომელიც ძალაში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შევა.

მართალია მუნიციპალიტეტების მთლიანი რაოდენობა 76-მდე იზრდება, მაგრამ არჩევნები რეალურად 71 ოლქში ჩატარდება, ვინაიდან 2006 წელს არჩეულ ხუთ საკრებულოს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე აფხაზეთის (კოდორის ხეობა) და ცხინვალის რეგიონის (ერედვი, თიღვი, ქურთა და ახალგორი) ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობდა, უფლებამოსილება უგრძელდება ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე.

ნაციონალურმა მოძრაობის დეპუტატებმა გააკრიტიკეს მთავრობა იმის გამო, რომ დააგვიანა მუნიციპალიტეტების გაყოფის ინიციატივის წარმოდგენა, რაც პარტიას ხელს უშლის საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში. 

15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჯერ ოფიციალურად დანიშნული არ არის. საარჩევნო ვადების  ათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ოფიციალურად დანიშნავს.

71 საკრებულოსთან ერთად, ელექტორატი პირდაპირი წესით თვითმმართველ ქალაქებში აირჩევს მერებს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში გამგებლებს.

შვიდი ახალი ქალაქის დამატებით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა არსებული ხუთიდან (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი) თორმეტამდე გაიზრდება ორი თვის წინ მიღებული თვითმმართველობის ახალი კოდექსის საფუძველზე.