დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას პარლამენტის თანხმობა აღარ დაჭირდება

პარლამენტმა 4 აპრილს მეორე და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის თანახმადაც დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას პარლამენტის თანხმობა არ დაჭირდება.

ცვლილებების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პროკურატურამ პარლამენტს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის როლანდ ახალაიას წინააღმდეგ მისი სამეგრელოს სამხარეო პროკურორად მუშაობის პერიოდში სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ბრალდების წასაყენებლად თანხმობის მიღების თხოვნით მიმართა.

საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ქართული ოცნების უმრავლესობის თქმით, მიზნად ისახავს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციის იმ ნორმებთან, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტს განსაზღვრავს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ნაციონალური მოძრაობა იმ მოტივით, რომ ეს კარს გაუხსნის პროკურატურას დეპუტატების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დასაწყებად.