შსს მინისტრი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი ‘დესტაბილიზაციაა’

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შესაძლოა ქვეყანაში „დესტაბილიზაციის“ გამოწვევას შეეცადოს და მისი მიზანი შესაძლოა „სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა“ იყოს. 

გაზეთ „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური  მოძრაობის წევრებმა „დაიწყეს საბურავების ყიდვა“, რადგანაც მისი ვარაუდით, ოპოზიცია ქუჩის აქციებისთვის ემზადება, საბურავებს კი დასაწვავად გამოიყენებენ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ეს ბრალდება „ძალიან არასერიოზულია“, ხოლო კიდევ ერთმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, ირმა ნადირაშვილმა მას „ბოდვა“ უწოდა.

კითხვაზე მიაჩნია, თუ არა მას, რომ უკრაინის სცენარი შესაძლებელია საქართველოში, რომლის დროსაც ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა საქართველოში ევრომაიდნის მოვლენები გაიმეოროს, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ უკრაინის მოვლენები გამოიწვია ხელისუფლების მიერ ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლამ,  რაც საქართველოში არ შეიმჩნევა. „პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან“, – განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც 7 აპრილს გამოქვეყნდა.

თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ „არსებობს გარკვეული ინფორმაციები“, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას სურს ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება და „შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება“.

„არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

„ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ექნებათ არეულობის მცდელობები, მაგრამ ეს არის მხოლოდ მათი სურვილი და ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაბრალდეს ხელისუფლებას“, – განაცხადა მან. 

„იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობილიზებას მოახდენენ. მე მჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მოუტანს“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ყველას აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს აზრი, მაგრამ „ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან“.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრს საპარლამენტო მოსმენაზე მოიწვევს, რათა მისგან კონკრეტული ფაქტები მოისმინოს, თუ მას ასეთები გააჩნია.

ჭიკაიძის ბრალდებების საპასუხოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა ხუმრობით, რომ ამგვარი განცხადების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი „როგორც მინიმუმ უნდა შეამოწმონ, ხომ არ მოიხმარს მსუბუქ ნარკოტიკებს“.

„ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რომ გადაფაროს ის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც დაგროვდა უკანასკნელ პერიოდში. როგორც ჩანს, ჰაკიმ ფაშამ გადაწყვიტა, რომ ჭიკაიძესთვის დაევალებინა, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა ჯაფარიძემ. მას მხედველობაში პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰყავდა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოლო დროს ხშირად მოიხსენიებენ ამ სახელით; ჰაკიმ ფაშა იმ ანონომური წყაროს სახელია, რომელმაც YouTube-ზე გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზის ფოტოები ატვირთა; ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ფოტოებმა ხელისუფლების მხრიდან გაჟონა.

„ეს არის აბსურდი და სისულელე; არანაირი მაიდნისთვის მზადება ნაციონალურ მოძრაობას არ სჭირდება. მეტიც, ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ ხელისუფლების შეცვლას მაიდანი და ასეთი რაღაცეები არ სჭირდება; ისედაც ძალიან სწრაფი ტემპით მიექანებიან დაღმართზე ქვევით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.