მთავრობა „საქართველოს განვითარების ბანკის“ შექმნას გეგმავს

მთავრობა „საქართველოს განვითარების ბანკის“ შექმნის საკითხს განიხილავს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 აპრილს.

ბანკის დაფუძნება, მისი თქმით, სახელმწიფო საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციის საფუძველზე იგეგმება. საპარტნიორო ფონდი ფლობს აქტივებს წამყვან სახელმწიფო საწარმოებში, მათ შორის საქართველოს რკინიგზაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და ელექტროგამანაწილებელ სისტემებში.

მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ბანკი, რომელიც დეპოზიტებს არ მიიღებს, ხელს შეუწყობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე „საქართველოს განვითარების ბანკის“ შესაძლო ხელმძღვანელად მოიაზრება.

განვითარების ბანკის შექმნის შესახებ იდეა პირველად საჯაროდ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გასულ თვეში გააჟღერა.