დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი 9 აპრილს თბილისში თავის ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
იგი ასევე შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და წეროვანშიც ჩავა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახები ცხოვრობენ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მოლდოვაში სტუმრობის შემდეგ ჩამოვიდა.
ვიზიტამდე მან განაცხადა, რომ ვიზიტები მოლდოვასა და საქართველოში მიზნად ისახავს „ძლიერი სიგნალის გაგზავნას“ ამ ქვეყნების მიმართ დანიის და ევროკავშირის მხარდაჭერის ნიშნად.
„ორმა ქვეყანამ აირჩია ევროპული კურსი და მათ ევროკავშირთან თანამშრომლობის და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სურთ მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა ტიპის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა ლიდეგორდმა, „ჯერ გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ ორივე ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, რასაც მე ძალიან პოზიტიურად ვაფასებ… ჩემი ვიზიტი განხორციელდება ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის გადამწყვეტ მომენტში. საჭიროა, რომ კრიტიკულად შევხედოთ იმას, თუ რა გავაკეთეთ სწორედ, რისი გაკეთება შეგვიძლია უკეთესად და პირველ ყოვლისა, სად გვინდა რომ მივიდეთ“.
კიშინიოვსა და თბილისში ვიზიტამდე დანიის საგარეო საქმეთმა მინისტრმა 7 აპრილს ბერლინში თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერთან გამართა მოლაპარაკებები.