FSB–ს უფროსი: საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ერთობლივი მუშაობა სოჭში თავდასხმების თავიდან აცილებაში დაგვეხმარა
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილება მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
მისი თქმით, ამის მაგალითია „რუსეთის FSB–ს კონკრეტული ერთობლივი მუშაობა კოლეგებთან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და საქართველოდან ადამიანების იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც სოჭში ოლიმპიურ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ“.
„ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა საფრთხეების ლოკალიზება“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ბორტნიკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ეს განცხადება 9 აპრილს სოჭში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
სოჭის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად იყო ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეეტანა. 2013 წლის სექტემბერში მაშინდელმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ძალღონეს არ იშურებდა, რათა „მაქსიმალურად“ დახმარებოდა რუსეთს ამ თვალსაზრისით. მან მაშინ ასევე განაცხადა, რომ ქართველი სამართალდამცავების მიერ ბათუმში 2013 წლის სექტემბერში ჩეჩნეთის მკვიდრი რუსი მოქალაქის დაკავება საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ძალისხმევის ნაწილი იყო.