ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი პარლამენტს წარედგინა
მთავრობამ პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტი წარუდგინა განსახილველად.
ამ კანონმდებლობის მიღება ერთ–ერთი ის მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველომ იკისრა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მიღების მიზნით.
კანონპროექტი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ უზრუნველყოფს დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, დაწყებული დასაქმებაზე ხელმისაწვდომობით და ჯანდაცვით და დამთავრებული თავდაცვითა და სპორტით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება რამდენიმე თვის წინ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ავტორობით შექმნილი პროექტისაგან, რომლის მომზადებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები.
საია აცხადებს, რომ თავდაპირველი პროექტისგან განსხვავებით შემოთავაზებული კანონპროექტიდან გამქრალია ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა დისკრიმინაციის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაჯარიმების შესაძლებლობას.
კანონპროექტის თანახმად, თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს სახალხო დამცველს.
თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა ახალი ინსტიტუტის – თანასწორობის დაცვის ინსპექტორის პოსტის შექმნას, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელებას გააკონტროლებდა.
საიამ განაცხადა, რომ ამიერიდან თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველს დაეკისრება, რომელსაც კანონპროექტი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებით არ აღჭურვავს.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას არ მოყვება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების გაზრდა. საია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატის უფლებამოსილების გაზრდა, რაც ასევე მოიცავს ანტიდისკრიმინაციულ ზომებს, დამატებითი შტატის აყვანას მოითხოვს, რასაც ავტომატურად დამატებითი ხარჯები მოყვება.
კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა პირველ რიგში შუამავლის როლი უნდა ითამაშოს მხარეებს შორის, რათა სასამართლოს ჩართვის გარეშე მიაღწიოს მოგვარებას; თუ ამგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ სახალხო დამცველის აპარატმა „რეკომენდაცია“ უნდა გაუგზავნოს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების თაობაზე; თუ ეს რეკომენდაცია არ შესრულდება, კანონპროექტის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატს შეუძლია საქმე სასამართლოს გადასცეს.
დისკრიმინაციის მსხვერპლს უფლება ექნება სასამართლოში მოითხოვოს კომპენსაცია, როგორც ფულადი, ისე არაფულადი.
თუმცა, საია აცხადებს, რომ დისკრიმინაციულ ქმედებას ხშირად არ მოჰყვება რაიმე მატერიალური ხასიათის ზიანი, ხოლო „რაც შეეხება მორალურ ზიანს, მისი მტკიცება პრაქტიკაში გართულებულია. აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციის განმახორციელებელი პირი, უმეტეს შემთხვევაში, ფულადი სანქციების გარეშე დარჩება“.
შემოთავაზებული კანონპროექტისგან განსხვავებით, თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა ფინანსურ ჯარიმებს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევისთვის. კანონპროექტიდან ამ დებულების ამოღება საიას „განსაკუთრებულ შეშფოთებას“ იწვევს. უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ დამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრება არ არის თვითმიზანი, თუმცა ამგვარი ზომა ეფექტურ პრევენციულ მექანიზმს წარმოადგენს.
„განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია არსებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არაეფექტურობა. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლების აღდგენის მიზნით რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებასა და კერძო პირს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა დისკრიმინაციის მსხვერპლის დასაცავად თითქმის იმავე უფლებამოსილებას ანიჭებს სახალხო დამცველს. ამგვარად, კანონპროექტი დიდწილად იმეორებს იმ მექანიზმებს, რაც ისედაც არსებობს და რაც ამავე კანონპროექტის განმარტებით ბარათშივე არაეფექტურად არის მიჩნეული“, – აცხადებს საია.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით, ყველა მოსაზრებას, მათ შორის კრიტიკულსაც „ვისმენთ“, მაგრამ „თუ მივყვებით მხოლოდ მათ, ვისაც კიდევ მეტი უნდა, შეიძლება პირიქით ძალიან უკან აღმოვჩნდეთ“.
მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება გადაწყდა არა იმიტომ, რომ „ევროპა გვთხოვს ამას, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ეს მოთხოვნილება“.
„ეს კანონი იქნება, ჩემი აზრით, წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ უნდა ვიაროთ ისე, რომ საზოგადოებას ესმოდეს, რატომ მივდივართ წინ. ძალით, თავს მოხვეული კონცეფციები სადამდე მიდის, ვნახეთ. ჩვენ საქართველო უნდა გავაუმჯობესოთ, ჩვენ ქართველი ადამიანების ცხოვრება უნდა გავაუმჯობესოთ და არა სხვანაირებად ვაქციოთ ისინი“, – განუცხადა უსუფაშვილმა 10 აპრილს ჟურნალისტებს.
მთავრობამ 28 მარტს მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას. იმავე დღეს, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წინადადებით მიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, რომ განიხილოს მისი ინიციატივა კონსტიტუციაში იმ ჩანაწერის გაკეთების თაობაზე, რომლის მიხედვითაც „ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“.
ეს წინადადება, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიზნად ისახავს იმ „სპეკულაციის“ თავიდან აცილებას, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ასევე ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციისგან ადამიანების დაცვას.
ამჟამად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია: „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ერთსქესიანთა ქორწინება უკვე აკრძალულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს როგორც „ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)