თბილისი გმობს რუსეთის თვითმფრინავის მიერ საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გმობს რუსული თვითმფრინავის მიერ 10 აპრილს აფხაზეთის მიმართულებიდან საქართველოს მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში ორჯერ „შემოჭრის“ ფაქტს.

საგარეო უწყების ცნობით, რუსული AN-2 ტიპის თვითმფრინავმა დღის პირველ ნახევარში ორჯერ დაარღვია საჰაერო სივრცე – პირველად, 10:40 საათზე  ზუგდიდის რაიონის სოფლებში შამგონასა და ხურჩაში მდებარე შსს-ის საგუშაგოებს გადაუფრინა; ხოლო 12:45 საათზე ამ სოფლებში ხელახლა შემოფრენასთან ერთად ასევე გადაუფრინა რუხს და წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევის მორიგი ფაქტის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, სათანადო რეაგირება მოახდინონ მომხდარ ინციდენტზე, საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებების და ვითარების დაძაბვის მცდელობების აღკვეთის მიზნით“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ბოლოს ანალოგიური პროტესტი თბილისმა ერთი თვის წინ გამოთქვა, როცა 6 მარტს რუსულმა საფრენმა აპარატებმა როგორ აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებიდან დაარღვიეს საქართველოს მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე.