ქართული ოცნების აქტივისტები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ
ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყნის მასშტაბით მედიისთვის ორგანიზებულ ბრიფინგებს, სადაც პარტიის წარმომადგენლები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებდნენ, ქართული ოცნების აქტივისტები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები დაუპირისპირდნენ.
თბილისში, თელავში, წყალტუბოსა და ანაკლიაში გამართულ ამ ღონისძიებებს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თქმით, 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინ მისი კამპანიის ნაწილი იყო, თან ახლდა მოწინააღმდეგე ჯგუფების პარალელური აქციები.
ანაკლიაში სიტყვიერი დაპირისპირება ორ მოწინააღმდეგე ჯგუფს შორის ჩხუბში გადაიზარდა, ხოლო თელავში ხელისუფლების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მანქანებს, რომელთაგანაც ერთ–ერთში დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი იჯდა, კვერცხები დაუშინეს.
დიდ დიღომში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას „ახალგაზრდული ცენტრი“ დაუპირისპირდა; ინციდენტის დროს სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. იგივე ჯგუფი ხშირად მართავს საპროტესტო აქციას ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისის წინ თბილისში; მისმა აქტივისტებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისი რამდენჯერმე საღებავით შეღებეს.
ბათუმში გამართულმა ბრიფინგმა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა უძღვებოდა, ინციდენტის გარეშე ჩაიარა, ისევე როგორც ანალოგიურმა ღონისძიებამ მცხეთაში. თუმცა უგულავას მოგვიანებით დაუპირისპირდნენ, როდესაც ხელისუფლების მხარდამჭერების მცირე ჯგუფმა თბილისის უფლებამოსილება შეჩერებულ მერს, რომელიც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობას ტოვებდა, კვერცხები დაუშინეს; საკონსტიტუციო სასამართლოში უგულავა თავის სარჩელზე მოსმენას დაესწრო, რომელშიც ის ითხოვს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც სასამართლოს ბრალდებული პირის თანამდებობიდან გადაყენების უფლებას აძლევს საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე.
ნაციონალურმა მოძრაობამ აღნიშნა განცხადებაში, რომ მთავრობის მიერ მართულმა თავდასხმებმა მისი წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებს ხელი შეუშალა.
„დღევანდელი ინციდენტები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ახორციელებს უკანონო თვალთვალსა და მოსმენას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიმართ. სხვა შემთხვევაში სრულიად გამორიცხული იყო ქართული ოცნების აქტივისტებს სცოდნოდათ დღეს რომელ რეგიონში, რომელ კონკრეტულ ადგილას, რომელ საათზე ვგეგმავდით პრეზენტაციების მოწყობას“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.
„10 აპრილის თავდასხმები არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკურ რეპრესიებსა და ძალადობაზე დამყარებული ტაქტიკის მორიგი გამოვლინება. წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩაშლა ფიზიკური თავდასხმების გზით შეუთავსებელია დემოკრატიულ მმართველობასთან. თუკი ამ ტიპის ბინძური და უკანონო მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება შეზღუდავს ოპოზიციური პარტიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ვერ შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ეს კი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ევრო–ატლანტიკური საგარეო კურსის პერსპექტივას“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ გვიან ღამით წერილობითი განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია რომ ის „ემიჯნება დღეს, 10 აპრილს, განვითარებულ მოვლენებს.“
„დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა… ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა,“ ნათქვამია განცხადებაში.