კახა კუკავა „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება

15 ივნისს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს, რომლის პარტიაც თავისუფალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

კახა კუკავა პოლიტიკაში 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა ნაციონალური მოძრაობის სიით, თუმცა მალევე გადავიდა ოპოზიციაში მის კონსერვატიულ პარტიასთან ერთად. ის ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრია 2010 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის შექმნილი ბლოკიდან – ეროვნული საბჭო. თუმცა საკრებულოს დეპუტატის მანდატის მოპოვების შემდეგ, კუკავამ 2010 წელს საკუთარი პარტია თავისუფალი საქართველო დააფუძნა, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 0.27%-ის მხარდაჭერა მიიღო, ამჟამინდელმა პარტნიორმა პარტიამ – ახალმა მემარჯვენეებმა კი 0.43% დააგროვეს; თავად კუკავამ, რომელიც ამ არჩევნებში ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს, ხმათა 1.31% მოიპოვა, თუმცა ეს შედეგი გააუმჯობესა 2013 წლის აპრილში ნაძალადევის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის შუალედურ არჩევნებში, როცა ხმათა 17.26%-ით ორჯერ ჩამორჩა ქართული ოცნების გამარჯვებულ კანდიდატს.

თავისუფალი საქართველოსა და ახალი მემარჯვენეების ალიანსმა, რომლის საარჩევნო სახელწოდებაც არის „არასაპარლამენტო ოპოზიცია“, მართალია 11 აპრილს განაცხადა, რომ მისი კარი ჯერ კიდევ ღია რჩება სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, მაგრამ იქვე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ შედგა არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ერთობა ნინო ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებულ პარტიებთან.

კუკავას დასახელებით თბილისის მერობის მსურველთა სია ექვსამდე გაიზარდა.

ქართული ოცნებიდან ამ პოსტზე კენჭს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია იყრის; ნაციონალური მოძრაობიდან – ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია; ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციიდან“ ყოფილი დეპუტატი და კახა კუკავას ყოფილი თანაპარტიელი დიმიტრი ლორთქიფანიძე;  ლეიბორისტებიდან – მსახიობი ასმათ ტყაბლაძე; მწვანეთა პარტიიდან კი კენჭისყრას დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე გეგმავს, რომელმაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა ცოტა ხნის წინ დატოვა.