პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენა
პროკურატურამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს როლანდ ახალაიას ბრალი წაუყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორად მუშაობის პერიოდს უკავშირდება.
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსიდან იმ ნორმის ამოღების შესახებ, რომელიც დეპუტატის მიმართ ბრალის წაყენებისთვის პარლამენტის თანხმობას საჭიროებდა.
პარლამენტის თანხმობა პროკურატურას იმ შემთხვევაში დასჭირდება, თუ როლანდ ახალაიას დაპატიმრებას მოითხოვს; ასეთ შემთხვევაში მას შესაძლოა სადეპუტატო უფლებამოსილებაც შეუჩერდეს.
პროკურატურა როლანდ ახალაიას ედავება, რომ მან 2009 წლის დეკემბერში საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ორი ბრალდებულის ოჯახს „უკანონოდ მოთხოვა“ ერთ შემთხვევაში 150 000 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში 60 000 ლარის მისი ახლობელი ბიზნესმენის კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. პროკურატურის ინფორმაციით, ეს თანხები ჩაირიცხა და სრულად იქნა გახარჯული კომპანიის კომერციული მიზნებისათვის.
როლანდ ახალაია უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია პატიმრობაში მყოფი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას და შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მამაა.
ბაჩო ახალაია 2012 წლის ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება; ის ორ საქმეზე გაამართლეს; მესამე საქმეზე ის დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა შარშან ის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა; სასამართლო პროცესი კიდევ რამდენიმე ბრალდებაზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
როლანდ ახალაიას მეორე შვილი დათა ახალაია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა საქმეზე, რომელიც ცხრა წლის წინ პოლიციელების ცემას ეხება. დათა ახალაია, ძებნაში იმყოფება.